Image

"რძალი ჩემს ნაყიდ ტანსაცმელებს ბავშვს არ აცმევდა და ჩემს მიცემულ ფულსაც უმალავდა ქმარს..."

image
Загрузка...

"სამი წელია, ჩემმა შვილმა ცოლი მოიყვანა. მას მერე ყველანაირად ვცდილობ რძლისთვის არ ვიყო ცუდი დედამთილი. რადგან ჩემს შვილს უყვარდა, მეც შვილივით მივიღე. მართალია, ერთადერთი შვილის დედას მარტო, ცალკე საცხოვრებლად გადასვლა გამიჭირდა, მაგრამ ამასაც დავთანხმდი. ქმარი რა ხანია გარდაცვლილი მყავს, ქვეყნად მხოლოდ ჩემი შვილი და მისი ოჯახი მინათებს მზეს, ამიტომ სულ მათი გახარება მინდა, თუმცა ვამჩნევ, რომ რაც არ უნდა გავაკეთო ამ ბოლო დროს, ასაკოვანი დედამთილი, როგორც ჩანს, ვეზედმეტები რძალს. მიუხედავად იმისა, რომ კვირაში ერთხელ თუ ვესტუმრები, აბა, ჩემთან მოსვლას თვითონ
ვერასდროს აბამენ თავს.
შვილიშვილის ბოდეები მიდევს საცვლებთან და ისე ვიძინებ, ასე ვცდილობ მონატრების დაძლევას...

ერთი კვირის წინ მივედი მათთან. ჩემი ბიჭი არ იყო სამსახურიდან მოსული, ბავშვს თბილი ქუდი, ხელთათმანები, კაშნე და რეიტუზები ვუყიდე. მეგონა, მოარგებდა და მანახებდა, როგორ ჰქონდა... ცოტა ხანში თვითონ დავახურე ქუდი და ეს რომ ნახა, გაოფლიანდებაო და საწოლზე მოისროლა. გული კი დამწყდა ძალიან, მაგრამ მოვითმინე. ალბათ ცუდ ხასიათზე არის-თქო. ამასობაში მეზობელმა ბავშვი შემოიყვანა და რას ვხედავ, შვილიშვილისთვის ჩემ მიერ ნაჩუქარი სვიტერი და ჟილეტი მას აცვია. ბავშვის დედა მეუბნება, რა კეთილია ნათია, სულ ჩუქნის ტასოს ტანსაცმელებსო. ამას წინათ წითელი ბოდეებიც გვაჩუქაო...

როგორც აღმოჩნდა, რძალი ჩემს ნაყიდ ტანსაცმელებს ბავშვს არ აცმევდა. არადა, პენსიას ავიღებდი თუ არა, პირველ რიგში იმას ვყიდულობდი, რაც ბავშვს გამოადგებოდა და რაც ჩემს რძალს უყვარდა, შოკოლადი იქნებოდა ეს, ტკბილეული თუ სხვა რამ...
არავისთვის არაფერი მითქვამს. სახლში წამოვედი და მთელი ღამე ვტიროდი. რაც არ უნდა იყოს, დედამთილებს ხომ ისე გვაქვს სახელი გატეხილი, რომ დამნაშავეები ყველაფერში ჩვენ ვართ. მოვითმინე, გადავწყვიტე, ფული მიმეცა და ვუთხარი, ნათია, შვილო, რაც გინდა შენი გემოვნებით უყიდე ბავშვს-თქო, ვიფიქრე "დანაშაულს" ამ ფორმით გამოვასწორებდი. კარგიო, მითხრა. მას შემდეგ ფულს ვჩუქნიდი, არც მიკითხავს, რა უყიდე-თქო, მეუხერხულებოდა.

გუშინ ჩემი ბიჭი მოვიდა სახლში. ისე გამიხარდა, ცას ვეწიე. ბავშვიც ჰყავდა მოყვანილი და რა გამეკეთებინა, არ ვიცოდი სიხარულისგან. წასვლის დროს 50-ლარიანი მომცა, ვიცი, დედა, არ გაქვს საშუალება და მეც ვერაფრით გეხმარებიო, მაგრამ ნათიასიანებთან უხერხულად ვარო და იქითა შაბათს ნიაკოს დაბადების დღეზე რამე უყიდე ამ ფულით და მოუტანეო...

როგორც აღმოჩნდა, ჩემმა რძალმა არც ჩემი მიცემული ფული გამოაჩინა არსად და უყურადღებო ბებოდ გამომიყვანა. ჩემს შვილსაც რამ დაუბნელა თვალები, არ ვიცი, სადმე თუ მიდიოდნენ, ბავშვს მე მიტოვებდნენ და რას არ ვყიდულობდი. რძალთანაც ხელცარიელი არასდროს მივსულვარ... რამე რომ ვთქვა, თვეში ოთხჯერ რომ ვხედავ შვილიშვილს და შვილს, იმის უფლებასაც წამართმევენ ალბათ. სხვის შვილს რა უნდა ვუთხრა, როცა ჩემი გაზრდილი არაფრად მაგდებს. მე დღეს თუ ხვალ მოვკვდები, მაგრამ ისინიც გახდებიან ჩემი ასაკის და არა მგონია, ჩემზე ნაკლებად ეტკინოთ გული, ასეთი გულგრილობის გამო...

ვიღაც იფიქრებს, გაეგოისტებული მოხუცია, ქმარი არ ჰყავს და ახლაგაზრდებს ხელს უშლისო... მე ასეთი ნამდვილად არ ვარ, მაგრამ სულ რომ კაციჭამია ვიყო, დედა ხომ მაინც ვარ, ვინც გაჭირვებაში გაზარდა შვილი და გზაზე დააყენა, ვინც ყველაფერი გაიღო მისთვის... ეს დამადლება არაა, მე არც საზღაურს ვითხოვ, ან საზღაურია, თუკი შვილის სიყვარულს ვნატრობ და შვილიშვილთან თამაში მენატრება... განა ბევრს ვითხოვ?!"
თამარა, 64 წლის

წყარო: mshoblebi.ge
dle
loading...
10-12-2017, 09:54
-
---
კომენტარები


რეკლამა
loading...
უცნაური ამბები