Image

“ვიღაცამ წააქეზა“ - ვინ იყო და რას საქმიანობდა თავდამსხმელი, რომელმაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა

image
loading...

12 სექტემბერს „საქართველოს ბანკზე“ მორიგი შეიარაღებული თავდასხმა განხორციელდა. ამჯერად, მიზანში წერეთლის გამზირზე მდებარე ფილიალი ამოიღეს, თუმცა მოვლენები საკმაოდ ტრაგიკულად განვითარდა. თავდასხმიდან ორიოდე წუთში ადგილზე სამართალდამცველები გამოცხადდნენ. მათ ბანკში შეჭრილ ახალგაზრდა მამაკაცს იარაღის დაყრა და ჩაბარება შესთავაზეს, თუმცა მალევე ბანკში სროლის ხმა გაისმა. შიგნით შესულ სამართალდამცველებს თავდამსხმელი გარდაცვლილი დახვდათ. მან ჩაბარებას თვითმკვლელობა არჩია და ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა საფეთქლის მიმართულებით განახორციელა.

„პრაიმტაიმი“ შეეცადა, ინფორმაცია მოეპოვებინა თავდამსხმელის შესახებ. აღმოჩნდა, რომ ის ქარელის რაიონის სოფელ რუისის მკვიდრი, 30 წლის ალექსი ბალიაშვილია. ოჯახი სამძიმარს მთელი კვირის განმავლობაში იღებდა, კვირის ბოლოს კი ცხედარი სოფლის სასაფლაოზე დაკრძალეს. გასაგები მიზეზების გამო, ჭირისუფლებმა ჩვენთან საუბარი არ ისურვეს, თუმცა გავესაუბრეთ მეზობლებს, რომლებიც ბალიაშვილების ოჯახს საკმაოდ ახლოს იცნობენ. სანამ მათ მოსაზრებებს გაგაცნობთ, მოდი, ვნახოთ, როგორ განვითარდა მოვლენები 12 სექტემბერს წერეთლის გამზირზე.

ირკვევა, რომ საქართველოს ბანკში შეჭრამდე დაახლოებით ერთი საათით ადრე ალექსი ბალიაშვილი ასევე წერეთლის გამზირზე მდებარე „თიბისი ბანკის“ დაყაჩაღებასაც შეეცადა, თუმცა უშედეგოდ. მან გაქცევაც დროულად მოახერხა, რის შემდეგაც უკვე „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდასხმა გადაწყვიტა. ცეცხლსასროლი იარაღით ბალიაშვილი ექსპრეს სერვის ცენტრში შეიჭრა, თუმცა მისთვის მოულოდნელად ე.წ. განგაშის ღილაკი ამოქმედდა, რომელიც, როგორც ჩანს, ბანკმა უსაფრთხოების ზომების გამკაცრების მიზნით დანერგა. მხოლოდ დაცვის ერთი თანამშრომელი და სამეთვალყურეო კამერები ბანკის უსაფრთხოებას ვერ უზრუნველყოფდნენ. როგორც წესი, თავდამსხმელები ძირითადად ნიღბებს იყენებენ და ხშირად მათი იდენტიფიცირება სამართალდამცველებისთვისაც შეუძლებელი ხდება ხოლმე. მოკლედ, განგაშის ღილაკის ამოქმედებისთანავე ადგილზე საპატრულო პოლიცია გამოცხადდა, რის შემდეგაც ალექსი ბალიაშვილმა ჯერ მძევლების აყვანა გადაწყვიტა, შემდეგ კი სუიციდს მიმართა.

ერთ-ერთი ვერსიით, ბალიაშვილი ბანკში მარტო შეიჭრა, თუმცა თვითმხილველების ნაწილი ამბობს, რომ მას თანამზრახველიც ჰყავდა, რომელმაც დროულად გაქცევა მოახერხა. აღნიშნულ ინფორმაციას საგამოძიებო ორგანოში არ ადასტურებენ.
შემთხვევას შეესწრო საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი დირექტორი გია ჭანტურიაც. მისი ინფორმაციით, ბანკში ერთი პირი შეიჭრა გაძარცვის მიზნით, ადგილზე პოლიცია რამდენიმე წუთში გამოცხადდა და მძარცველთან მოლაპარაკებას აწარმოებდა, თუმცა მცდელობა უშედეგოდ დასრულდა და მძარცველმა თავი მოიკლა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მომხდარს სპეციალური განცხადებით გამოეხმაურა:
„თბილისში, „საქართველოს ბანკის“ წერეთლის ფილიალში შეიჭრა შეიარაღებული პირი. განგაშის ღილაკის ამოქმედებიდან წუთ-ნახევარში შემთხვევის ადგილას უკვე იმყოფებოდა პოლიცია. შსს-ს თანამშრომლებმა თავდამსხმელს მოუწოდეს, პოლიციის კანონიერ მოთხოვნას დამორჩილებოდა და დანებებულიყო, რის შემდეგაც მან ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა საკუთარი თავის მიმართულებით განახორციელა. თავდამსხმელი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება“, – აცხადებს შსს-ს პრესსამსახურის უფროსი თეა პერტაია.

რას ყვებიან სოფელ რუისში? როგორ ახასიათებენ მეზობლები გარდაცვლილ ალექსი ბალიაშვილს? რამ აიძულა ახალგაზრდა მამაკაცს ბანკის დაყაჩაღება და შემდეგ თვითმკვლელობა? აი, რას ამბობენ გარდაცვლილის მეზობლები:
„ალეკოს დედა და ერთი უმცროსი ძმა დარჩა, რომელიც თურქეთში იყო სამუშაოდ წასული. მუშად მუშაობდა და ეს ამბავი რომ გაიგო, მაშინვე ჩამოვიდა. დედამისსაც ჰქონდა შემოსავალი, მასწავლებელია და ყოველთვიურ ხელფასს იღებს. ამ ქალმა წვალებით და ობლობაში გაზარდა ორივე შვილი. ალეკო ორი წლის იყო, მამა რომ გარდაეცვალა. ასე დაიზარდნენ ორივე ჩვენს თვალწინ. ძალიან წყნარი ბიჭი იყო, მაგის ხელში ვერც სასმელს დაინახავდით და ვერც რაიმე ისეთს. წიგნებსა და კომპიუტერში იყო ხოლმე მთელი დღე. წავიდა თბილისში და ცოტა ხანში ბავშვი ასეთ სიტუაციაში გაეხვია. თავზარდაცემულები ვართ ყველანი. დედამისის ტირილის ხმა გავიგე. გავიქეცი, რა ამბავია-მეთქი და ქალს ძლივს აკავებდნენ, – ალეკომ თავი მოიკლაო. დაუჯერებელია დღესაც. ვერ წარმომიდგენია, რომ ის ამას გააკეთებდა“, – ამბობს ერთ-ერთი მეზობელი ვალენტინა ღვინიაშვილი.

ოჯახის კიდევ ერთი ახლობელი თამრო მიხანაშვილი კი გამორიცხავს, რომ ალექსი ბალიაშვილს ფული ჰქონოდა წაგებული და ეს გამხდარიყო ბანკზე თავდასხმის მიზეზი.

„გამორიცხულია, რომ ის აზარტულ თამაშებს გაკარებოდა. მსგავსი რამ არ არსებობს. თვითონაც ცოტა ხნით თურქეთში მუშაობდა და მალევე დაბრუნდა. მიჭირს ახსნა, ეს გონებით სავსე ბავშვი თვითმკვლელი როგორ გახდა? საგონებელში ვართ ყველანი. ან იარაღი საიდან ჰქონდა, შვილო, იარაღი კი არა, მაგის ხელში დანაც კი არ დამინახავს. უძვირფასესი ბავშვი იყო. ჩვენი იმედი. ყველას რომ უყვარდა. ნაკითხი და ნიჭიერი ახალგაზრდა. თბილისშიც არ ჰყოლია რაიმე ისეთი სამეგობრო, რომ ცუდ წრეში მოხვედრილიყო. სიგარეტსაც კი არ ეწეოდა, გჯერათ? იგივე შემიძლია ვთქვა მის ძმაზეც. რომ ჩამოვიდა, როგორც დაჭრილი დათვი, ისე დასტიროდა თავის ალეკოს. ორივე ობლობაში გამოზარდა დედამ და აი, ეს უბედურება დაატყდათ თავს. დედა უმცროსზე ჯერ კიდევ ორსულად იყო, მეუღლე რომ გარდაეცვალა, ალეკო კი 2 წლის ჰყავდა“, – ამბობს თამრო მიხანაშვილი.

კიდევ ერთი მეზობლის ვერსიით კი, ალექსი ბალიაშვილი ბანკზე თავდასხმას საკუთარი სურვილით არ დაგეგმავდა. ახლობლების ნაწილი მიიჩნევს, რომ მას დანაშაულისკენ სხვამ უბიძგა.
„ვიღაცამ წააქეზა. ის საყაჩაღოდ თავისი ინიციატივით არ წავიდოდა. უბიძგეს ამ ყველაფრისკენ. თბილისში იყო ცოტა ხნით წასული და ალბათ, იქ შეაგულიანა ვინმემ. სხვა ახსნა ამ ყველაფერს არ აქვს. კი, შეიძლება მცირე სტრესიც ჰქონდა ბავშვს და ამითაც ისარგებლეს. გამოიყენეს მისი მდგომარეობა. ეს კი, როცა მიხვდა, რასთან ჰქონდა საქმე, სიკვდილი არჩია. რომ ამბობენ, ფსიქიკური პრობლემები ჰქონდაო, ასე როგორ შეიძლება... დღეს საქართველოში სრულ ჭკუაზე არავინ არის, მაგრამ ამ ბიჭს რაიმე ისეთი ფსიქიკური აშლილობა არ ჰქონია, რომ ამის ნიადაგზე ბანკში იარაღით შევარდნილიყო და მერე თავი მოეკლა. ჩემი აზრით, ის ვიღაცის გავლენის ქვეშ მოექცა, ან სხვის დავალებას ასრულებდა“.

„ენით აუწერელი ტრაგედიაა. არაფერი ისეთი ვალი არ ჰქონიათ, რომ ამ გადაწყვეტილებამდე მისულიყო. მუშად დადიოდნენ ორივე ძმები და დღიურად გამოიმუშავებდნენ ორიოდე კაპიკს. დღეს თავზე არავის გადასდის არც ფული და არც ქონება. ეს ოჯახიც შრომობდა და საკუთარ თავს ირჩენდა, როგორც შეეძლო. დღეში ხან 20 ლარს იღებდნენ, ხან – ცოტა ნაკლებს, ხან – ცოტა მეტს“.
მოქმედებდა თუ არა ალექსი ბალიაშვილი სხვისი დავალებით, ან ჰყავდა თუ არა მას თანამზრახველები, ამის შესახებ გამოძიება არაფერს ამბობს, ისევე როგორც უცნობია, რას საქმიანობდა ის თბილისში ყოფნის პერიოდში? გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბალიაშვილი პუბლიცისტ ირაკლი კაკაბაძის მიერ შექმნილი ორგანიზაციის წევრი იყო. აღნიშნული ინფორმაცია თავად კაკაბაძემ დაადასტურა და მომხდარს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

„ბრძოლა გაგრძელდება და ასევე, შევარდნები ბანკებშიც, სანამ აღნიშნული დაწესებულებები ადამიანების ძარცვას თავს არ დაანებებენ“, – ამბობს ირაკლი კაკაბაძე, რომელიც ცნობილია თავისი რადიკალური გამოსვლებით საბანკო სექტორისა და ზოგადად, საფინანსო ორგანიზაციების წინააღმდეგ.
„ბრძოლა გრძელდება და ჩვენ ბანკებში კიდევ შევვარდებით. ეს შევარდნები გაგრძელდება მანამდე, სანამ ბანკები ადამიანების ძარცვას თავს არ დაანებებენ და სანამ საქართველოში ერთი ადამიანი მაინც იცხოვრებს სიღატაკის ზღურბლს ქვემოთ. „მწვანე პანტერის“ წევრების გვარების დასახელებას არ ვაპირებ. მათი მოძიება შესაძლებელია იმ ადამიანებს შორის, ვინც ან თვითონ დააზარალა ბანკმა, ან ვისაც ადამიანის თანაგრძნობისა და სამართლიანობის გრძნობა აქვს“, – აღნიშნა კაკაბაძემ.

კითხვაზე, რატომ დაამთავრა მისი ორგანიზაციის წევრმა სიცოცხლე ამ ფორმით, კაკაბაძემ განაცხადა, რომ „ეს ადამიანი თვითმკვლელობამდე იმ სისტემამ მიიყვანა, რომელიც ადამიანების უბედურებასა და საცოდაობაზე მდიდრდება“.
„ეს არის მთავარი მიზეზი ამ ტრაგიკული შემთხვევისა. დღეს ქვეყანაში არის სისტემა, სადაც ადამიანები იძულებულები არიან, საკუთარი სიცოცხლე დაამთავრონ მხოლოდ იმიტომ, რომ გაუმაძღარი მევახშე ან ბანკირი ვერ გაძღა ვერაფრით. ეს არის ჩვენი მთავარი ტრაგედია დღეს“, – აცხადებს კაკაბაძე.

ტრაგიკულ შემთხვევას საგანგებო განცხადებით გამოეხმაურა „საქართველოს ბანკი“ და მომხდარის გამო მწუხარება გამოთქვა.
„საქართველოს ბანკის“ წერეთლის გამზირზე მდებარე ფილიალში დაფიქსირდა ყაჩაღობის მცდელობა. ფილიალში შეჭრიდან და საგანგაშო ღილაკზე თითის დაჭერიდან პოლიცია ადგილზე ოპერატიულად მივიდა და შეჭრილ პირს დანებება შესთავაზა, თუმცა მან თვითმკვლელობის მიზნით გასროლა განახორციელა, რაც სავალალო შედეგით დასრულდა. „საქართველოს ბანკი“ ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით“, – ნათქვამია განცხადებაში.

ბოლო წლებში ეს „საქართველოს ბანკზე“ შეიარაღებული თავდასხმის ერთადერთი შემთხვევა არ ყოფილა. ყველაზე რეზონანსული კი სერიული მძარცველის საქმე აღმოჩნდა, რომელიც სამართალდამცველებმა 2015 წელს გამოიჭირეს. მაშინ გაირკვა, რომ თბილისის მასშტაბით „საქართველოს ბანკის“ ფილიალებზე არაერთი თავდასხმა მხოლოდ ერთ პირს, 43 წლის მამაკაცს უკავშირდება. გამოძიების ინფორმაციით, ის თითოეული დანაშაულის დროს კანზე გადასაკრავ სხვადასხვა თეატრალურ ნიღაბს იყენებდა, რომელსაც სისტემატურად იწერდა უცხოური საიტებიდან. შეცვლილი გარეგნობით თავს ესხმოდა მორიგ სამიზნეს და ნადავლს საიმედოდ აბინავებდა. ამით ქმნიდა შთაბეჭდილებას, რომ ბანკებს სხვადასხვა პირები აყაჩაღებდნენ და ცდილობდა, პოლიციისთვის კვალი აერია. მისი ბინის ჩხრეკისას სამართალდამცველებმა, ცეცხლსასროლ იარაღთან ერთად, სწორედ თეატრალური ნიღბები, პარიკები, ხელოვნური წვერ-ულვაში, მისაწებებელი ფრჩხილები და სხვა მსგავსი ატრიბუტიკა ამოიღეს.

გამოძიებით ირკვევა, რომ 43 წლის ნუგზარ გ-მ ბანკების ძარცვის სქემა ჯერ კიდევ 2012 წელს შეიმუშავა, თუმცა, ცხადია, ამისთვის შესაბამისად მომზადებულიც უნდა ყოფილიყო. ამიტომ პირველად 2012 წლის იანვარში აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე იარაღის მაღაზიას დაესხა თავს და 11 ცალი პისტოლეტი გაიტაცა. დაახლოებით ერთი წლის შემდეგ კი გატაცებული იარაღით ბანკებზე თავდასხმა დაიწყო. პირველი სამიზნე ნუცუბიძის ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალი გახლდათ. ოფიციალური ცნობით, 2013 წლის 29 იანვარს ნუგზარ გ-მ აღნიშნულ ფილიალზე შეიარაღებული თავდასხმის შედეგად 11 000 ლარი, 2 300 აშშ დოლარი და 2 000 ევრო გაიტაცა.
შემდეგი თავდასხმა 2013 წლის 21 აგვისტოს, ასევე, „საქართველოს ბანკზე“ განხორციელდა, ამჯერად მიზანში ყაზბეგის გამზირზე მდებარე ფილიალი ამოიღო, საიდანაც გატაცებულია 23 000 ლარი, 10 000 აშშ დოლარი და 250 ევრო.

ამავე ფილიალზე შეიარაღებული თავდასხმა 2014 წლის 20 მარტსაც მოხდა. თავდამსხმელმა მაშინ 12 500 ლარი, 4 000 ევრო და 2 000 აშშ დოლარი გაიტაცა.

ერთი თვის შემდეგ კი ნუგზარ გ. კვლავ ნუცუბიძის ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალს ესტუმრა და, ასევე, იარაღის მუქარით 8 000 ლარი, 11 000 აშშ დოლარი და 4 000 ევრო გაიტაცა.

ყაჩაღობების სერია 2015 წლის 4 თებერვალს გაგრძელდა, როდესაც ნუგზარ გ-მ მუხიანის პირველ მიკრორაიონში მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალიდან 5 000 ლარი, 15 000 აშშ დოლარი და 5 000 ევრო გაიტაცა.

2015 წლის 24 აპრილს კი თავდამსხმელის სამიზნე ბაზალეთის ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალი გახდა და, ასევე, იარაღის მუქარით 17 000 ლარი, 3 000 აშშ დოლარი და 3 000 ევრო წაიღო. სწორედ ბაზალეთის ქუჩაზე დასრულდა მისი სამწლიანი „მოღვაწეობაც“. 2015 წლის 29 დეკემბერს მან კიდევ ერთხელ სცადა აღნიშნული ფილიალის დაყაჩაღება, თუმცა ამჯერად მოუხელთებელი მძარცველი სამართალდამცველებმა გამოიჭირეს. საბოლოოდ გაირკვა, რომ თავდამსხმელმა სამი წლის განმავლობაში „საქართველოს ბანკი“ დაახლოებით 300 000 ლარით აზარალა. dle

Загрузка...
loading...
19-09-2017, 15:24
-
---
კომენტარები


რეკლამა
Загрузка...
უცნაური ამბები