Image

"ვიცი, ვერ გადაიტანს… ვიტირეთ და წამოვედი" - ემოციური წერილი მონასტერში წასული შვილისა და დედის განშორების შესახებ

image
loading...

თორნიკე ჯანხოთელი თავის ფეისბუქ გვერდზე ემოციურ პოსტს აქვეყნებს, სადაც დეტალურად აღწერს მონასტერში ექვს დღიან ცხოვრებას.
" 6 დღე მონასტერში

დღე პირველი…

- გათენდა…

როგორც იქნა გათენდა.

ეს იყო ყველაზე გრძელი ღამე, რაც კი ოდესმე დამთენებია.

ჩავალაგე ყველაფერი, რაც მჭირდებოდა და წავედი... მაგრამ სანამ წავიდოდი, დედაჩემს მივეცი პირობა, რომელიც ასე ვთქვათ და ასე ითქმის "მოვატყუე"…

პირობის თანახმად, მონასტერში 4 დღე უნდა დამეყო და 4 დღის შემდეგ უნდა ჩამოვსულიყავი.

მე კი მონასტერში დარჩენა, დამკვიდრება მტკიცედ მაქვს გადაწყვეტილი.

ვფიქრობ, როცა ყველაფერი გაირკვევა, როცა გაიგებენ, რომ მე, უარი ვთქვი საერო ცხოვრებაზე, ვინ როგორ შეეგუება ჩემს ამ გადაწყვეტილებას.

იქნებ მიიღონ ან არ მიიღონ...

არ ვიცი, არა.

მივიდვარ…მივდივარ და მიმაქვს მშობლის სევდანარევი სიხარული... რა თქმა უნდა, ჩემიც მიმაქვს, მაგრამ მას სევდა არ ურევია, მას სულ სხვა რამე ურევია, სულ სხვა რამე...

მივდივარ და ვფიქრობ, იქნება თუ არა გზასა ცდენელის მობრუნება?!

უფალმა ჩვენ, ადამიანები თავის ხატად შეგვქნა და მოგვცა ჯვარი, რომელის ტარება ძნელია, ძალიან ძნელი... ხოდა ადამიანმა, არ უნდა გადააგდოს ეს ჯვარი და არ უნდა აცდეს გზას, თორე მერე მაგისი მობრუნება არ იქნება და ვერ იქნება...

- იქნებ იყოს…

არ ვიცი.

მივედი მონასტრის გადასახვევთან, რომელსაც გოთიეთი ჰქვია სახელად.

უკვე უნდა მარტო გავუყვე გზას და აი ამ დროს გამოჩნდა მამა რაჟდენი, რომელიც ჩემს ასაყვანადაა ჩამოსული.

გავიცანი მამა რაჟდენი, ვისაუბრე მასთან სხვადასხვა თემებზე… გზა გრძელი იყო დაახლოებით 3-4 კილომენტრი, ამიტომ საუბარი გაგვიგრძელდა…

ვისაუბრეთ და უფრო დავრწმუნდი, რომ ჩემი ადგილი საერო ცხოვრებაში კი არა, აქაა აქ...

გრძელი გზის შემდეგ, როგორც იქნა ავედით მონასტერში.

ავედით და გეფიცებით აქ ყველაფერი სხვაგავარადაა…(თითქოს) მიწიერი სამოთხეა.

ტყე, წვიმა, ნისლი ,ჩიტების ჭიკჭიკი, ეკლესია, ბერები, ლოცვა,გალობა, უფალი,ო ღმერთო ჩემო…

ახლა ღამეა...

9 საათიანი ლოცვა წავიკითხეთ და დავწექით.

რა მშვიდი ღამეა, თქვენ ხომ არ იცით.

ვიცი, რომ თქვენ ახლა მანქანების ხმა და ნუ ზოგადად ქალაქის შემზარავი გოდება გესმით.

მე კიდე მდინარის, ჩიტების, სუჩუმის და… მორჩილი გაგულოს ხვრინვის ხმა მესმის.

გადაწყდა, მე აქ ვრჩები.

დღე მეორე.

გათენდა…

წავიკითხეთ 6აათიანი ლოცვა...

გუშინ 2 საათამდე არ მიძინია.

ვფიქრობდი ყველაფერზე…

ვფიქრობდი და ჩემს თავთან ქიშპი მქონდა, რატომ აქამდე ვერ მიაგენი შენს ადგილსმეთქი.

საერო ცხოვრებაში მე, არ მიცხოვრია, მანდ უბრალოდ სული მედგა.

მახსოვს, როცა ერში ვიყავი ვწერდი "ხორცით დავდივარ ვიწრო ქუჩებში და სული მიდგას, სული მიდგას, რაც მთავარია"

თურმე აქ ყოფილა ჩემი ადგილი.

რამოდენიმე დღის წინ, მე უდაბნოში მყოფ პატარა ტბას ვგავდი, რომელიც გამუდმებით ელოდა ქარავანს მიუხედავად იმისა, რომ ქარავანი ოაზისად არ აქცევდა და ვერ აქცევდა.

ველოდი ადამიანს, ვინც მიშველიდა, თურმე სადაა საშველი…

შენს თავში უნდა ეძიო საშველიცა და სიმშვიდეც.

მე ვეძიე ორივე ერთად და აქ მომიყვანა.

ხოდა ცხოვრებაც აქ დავიწყე, გუშინ...

დაღამდა...წავიკითხეთ 9 საათიანი ლოცვა და დავწექით.

ვწერ, მაგრამ ვიცი მკითხველი არ მეყოლება.

ვიცი, რომ ერში არ დავბრუნდები და ამას ვერავინ ნახავს.

მაშ რატომ ვწერ?

რა სისულელეა,ღმერთო ჩემო.

დღე მესამე...

(იმ დღეს არ მიწერია, მაგრამ იყო…წვიმა, ნისლი, უხასიათობა, ფიქრი, ლოცვა, უძილობა და…)

დღე მეოთხე.

გათენდა მეოთხე დღე.

გუშინ სულ არ მიძინია…

6 საათამდე თვალი არ დამიხუჭავს და მერე ზარის ხმამ ლოცვის დაწყების წინ საბოლოოდ გამომაღვიძა. დღეს ცუდი დღეა, მიუხედავად იმისა, რომ ღვთისგან ბოძებული ყველა დღე კარგია.

დღეს ვიცი, რომ დედა დარეკავს...რა ვუთხრა მას?! როგორ ავუხსნა ის, რომ მე, აქ ვრჩები.

როგორ ვუთხრა, რომ მისმა შვილმა, რომელიც 9თვე მუცლით ატარა და რომელსაც წლები ზრდიდა, უარი თქვა საერო ცხოვრებაზე.

არ ვიცი,

არ ვიცი,

არ ვიცი, არა.

დაღამდა...

ბარბაცით წავედი საწოლისაკენ და დავწექით.

წელი მტკივა, დღეს საკმაოდ ბევრი ვიმუშავე.

მშობლები ვერც დაიჯერებენ რომ მოვუყვე ან დაიჯერებენ, მაგრამ გადამეტებაში ჩამითვლიან.

ხო, მართლა…

დღეს დედამ დარეკა.

უხ როგორ მიყვარს...

დედა არის ადამიანი,რომლის ხმა სმენას ხვდება, გულს მიყვება და სულამდე აღწევს...მისი შემცვლელი?

რა სისულელეა, ო ღმერთო ჩემო.

…დარეკა, დარეკა

და

მითხრა,

"თოკო ხვალ ხო მოდიხარ დე? …"

გავქვავდი, თითქოს იოგები ჩამიწყდაო ეს ოხერი და ვერა ვახერხებ რას…

არ ვიცოდი, რა მეპასუხა, ტელეფონი გავთიშე ვითომ არ იჭერდა, მაგრამ ისევ მისი ზარი, ისევ იგივე შეკითხვა.

"თოკო ხვალ ხო მოდიხარ დე?"

ბევრჯერ მოვიტყუე და აჰა კიდევ...

"დედა დღეს არა, ვფიქრობ ხვალ წამოვალ"

აქვითინდა...

ხმაზე შევატყვე აქვითინდა…

არ უნდოდა, რომ შეემჩნია, მაგრამ არ გამოუვიდა...საბოლოოდ ცრემლი წასკდა და თქვა "თოკო, მეშინია დე"

მე, ვიცოდი რატომ ეშინოდა, მაგრამ ვკითხე…მაინც ვკითხე რისი გეშინია მეთქი.

"მანდ რომ დარჩე" მიპასუხა მან…

არ ვიცი, როგორ ვთქვა რა ვიგრძენი იმ დროს, რომც ვთქვა, ვერ გაიგებთ.

ეს არც მე არ ვიცი, რა იყო.

მოკლედ, ტელეფონი გაითიშა და ჩართვაც არ მიცდია...

ლოცვის შემდეგ ტრაპეზის დროც მოვიდა…

პატივისცემით და ამავდროულად უხასიათოთ მივუჯექი სუფრას.

არ მიჭამია, რას შევჭამდი?

სად მქონდა მაგის მადა, ხალისი.

მოკლედ…

დავესწაერი ტრაპეზს, არ დავესწარი 7 საათიან ლოცვას, და გამოვტოვე 9 საათიანიც.

გაგიკვირდებათ და დაახლოებით 12 საათის მანძილზე ლოცვის, ფიქრის და ძილის მეტი არაფერი მიკეთებია რა.

არაფრით არ მინდა ერში დაბრუნება და არც ის მინდა დედას გული ვატკინო.

ვიცი, ვერ გადაიტანს…სხვანაირი ხასიათი აქვს.

დედა დარდით მოვკლა და მერე მე ვილოცო, ეს რა ოხრობა იქნება ვითომ?!

არ გამოვა ასე…ასე არ გამოვა. მოკლედ…ეს ორი სურვილი დღესავით ნათია, რომ სცდება ერთანეთს.

არ ვიცი რა ვქნა...

დღე მეხუთე.

თავზე დამათენდა სასწაული დილა.

ნისლი დასწოლია ხეობებს…

ხეობებს კი არა, მონასტერსაც ძლივს დაინახავდით ეზოს ბოლოში რომ მდგარიყავით.

რა ლამაზია ეს მადლიანი…

თითქოს ყველაფერი, რასაც სილამაზე ჰქვია სახელად აქ, ამ პატარა სივრცეშია დატეული.

გეგონებათ, რომ ეს სილამაზე ვიღაცას ფიჩხებივით შეუგროვებია და ერთ ადგილზე მოუყრიაო თავი.

ხო მართლა...

ხვალ მივდივარ.

ამაღამ ახსარებას ჩავაბარებ მამა ეფრემს, ხვალ ვეზიარები და წავალ.

ასეთი გადაწყვეტილება ჩემდასაწინააღმდეგოდ, ჩემი სულის საწინააღმდეგოთ არასოდეს მიმიღია… არასოდეს!!

ვერასდროს, აი ვერასდროს მიხვდებით, როგორ არ მინდა აქედან წასვლა მაგრამ წარმოიდგინე შენს სახლში, რომ შემოგეჭრეს ვინმე და აგყაროს ხო ცუდია?! სწორედ ასეთ დღეში ვარ ახლა.

(უკვე) ესაა ჩემი სახლი, ეს.

ახლა ღამეა...

უხასიათოდა ვარ.

ან როგორ ხასიათზე იქნება ადამიანი, რომელმაც იცის თავს იღუპავს და იღუპავს.

ვიცი, რომ თუ (მე) ერში ვიცხოვრებ, ვერ ვცხონდები სამოთხეს ავშორდები…ხო მართლა, როცა სამოთხეში მოხვდები, გაგიკვირდება სამი რამ…

პირველი-რომ მოხვდი.

მეორე-ვისაც ელოდი, იმ ადამიანს რომ ვერ ნახავ და

მესამე-ვისაც არ ელოდი იმას რომ, ნახავ.

ჯანდაბა ჩემს თავს…

დღე მეექვსე.

გათენდა…

ლამაზად გათენდა-როგორც ყოველთვის.

წავიკითხე დილის 6 საათიანი ლოცვა, ვეზიარე, მერე 9 საათიანი წავიკითხე და ბოლოს ტრაპეზი… დავემშვიდობე ბერებს.

დამლოცეს…

ვიტირეთ და წამოვედი.

ფეხით ერში მივალ მაგრამ გული აქ რჩება აქ.

ამ მიწიერ სამოთხეში...მაგრამ ერთ კვირაში, ერთ თვეში ან სულაც ერთ წელში ისევ დავბრუნდები იქ, სადაც ჩემი ადგილია, რადგან გზა უკვე დავიმახსოვრე”- წერს საკუთარ ფეისბუქ გვერდზე ერთი-ერთი მომხმარებელი.

dle

აიღე სესხი სახლიდან გაუსვლელად 10 წუთში, 1 თეთრის გადარიცხვის გარეშე...
Загрузка...
loading...
10-08-2017, 11:41
-
---
კომენტარები


რეკლამა
Загрузка...
უცნაური ამბები