Image

შარდენზე, ერთმა ბიჭმა ქართულად იცეკვა, მივიდა მასთან ირანელი - „ჩემი ბარია, ნუ ცეკვავ ასეო და ჯვარი ჩამოგლიჯა!“

image
loading...

«ალიას» რესპონდენტი ირანელისგან დაზარალებული ქალბატონი, რომელსაც ჰუსეინმა არამხოლოდ თავისი თაღლითური ქმედებებით შეუქმნა პრობლემები, მეტიც, რამდენჯერმე საცემრადაც გაიწია.

მარგალიტა მანაშეროვა:
- ამა წლის აპრილში, წელიწად-ნახევრით გავაქირავე ჩემს საკუთრებაში არსებული ფართი. ადრე კი ვაქირავებდი ხოლმე, მაგრამ ბოლო დროს დაკეტილი მქონდა, არ მინდოდა ირანელებზე მიქირავება, რადგან ძირითადად ფართების ქირაობით სწორედ ისინი არიან ხოლმე დაინტერესებულები. მე მარტოხელა ვარ, მთელი ნათესაობა ამერიკაში, გერმანიასა და ისრაელში მყავს. მე არ წავედი არსად, წარმოშობით ებრაელი ვარ, მაგრამ თაობებია აქ ვცხოვრობ, საქართველო ჩემი სამშობლოა და მიყვარს აქაურობა. ომიანობის დროს, 2008-ში ხალხი წითელ ხიდთან დატვირთულები რომ მიდიოდნენ, მე ჩემს სახლში ვიყავი. ისრაელის საელჩომ დამირეკა - ყველაფერი მზად გვაქვს და წამოდითო, მაგრამ არა-მეთქი, სადაც ყველა, მეც იქ-თქო და ჩემი სამშობლო არ დავტოვე. მოკლედ, ფაქტობრივად, ამ ფართის გაქირავებით მაქვს შემოსავალი და ჩემი დისშვილი მეხმარება ხოლმე კიდევ მოსკოვიდან, მაგრამ ბოლო დროს იმასაც არ აქვს საშუალება და ვერ მიგზავნის ფულს. მანაც და სხვა ახლობლებმაც მირჩიეს, გააქირავე ეგ ფართი ირანელებზეო, ლამის ყველა მასე იქცევაო და რა მოხდაო? ავდექი და ბოლოს და ბოლოს, გავაქირავე ერთ ირანელ ოჯახზე და ეს კაცი, ჰუსეინი, რომ შემოვიდა ფართში, მითხრა - აპრილის ქირა არ ჩამითვალო, რემონტი უნდა გავაკეთოო.

- საცხოვრებელ ფართზეა საუბარი, თუ კომერციული ფართია?
- ეს არის ბარი, 130 კვ.მ-ის, რომელიც აქ, თბილისში, ვაშლოვნის 5 ნომერში მდებარეობს და იმავე ეზოში ვცხოვრობ. თეფში, კოვზი, ტელევიზორი - ერთი სიტყვით, სამუშაოდ გამზადებული ბარი მივეცი და აპრილიც არ ჩავუთვალე. მეგონა, რაღაც კოსმეტიკას გააკეთებდა, როგორც მითხრა, თავის ჭკუაზე. გავარდა იმ დღესვე ბაზრობაზე, სასმელი შემოიტანა და დაიწყო ამუშავება. მაისში ძლივს წავიყვანე და საჯარო რეესტრში, გავაფორმე ხელშეკრულება. ამ ირანელს აქვს შპს «404+» და ამ შპს-ზე გავაფორმეთ ქირავნობა. მერე უკვე დაიწყო ჩემი მოტყუება - საშემოსავლოს გადახდაზე იძახდა, ხვალ მოგცემო, ორი თვე საშემოსავლო 400 ლარი მე გადამახდევინა და არც მომცა ის თანხა. ერთი თვის მერე გაიგო ამან, რომ მე წარმოშობით ებრაელი ვარ, აგრესია დაეწყო და ორჯერ ჰქონდა ჩემი ცემის მცდელობა! კიდევ კარგი, ჩემი მძღოლი ჩაგვიდგა შუაში, თორემ დამარტყამდა, ალბათ. მეორე ამგვარ შემთხვევას ჩემი სხვა ახლობელი ქალი შეესწრო.

- წარმომავლობის გამო აპირებდა თქვენს ცემას? თუ რამე მოხდა კიდევ?
- ეს ირანელები ხომ ამერიკისა და ისრაელის პირველი მტრები არიან, ზოგადად, და ჩემზე რომ გაიგო, წარმოშობით ებრაელი ვარ, მაგის მერე სულ გაგიჟდა, გააგრესიულდა. წარმომავლობა ერთი და მერე მეორე - ნუ შემოდიხარ ჩემს ფართშიო, მე ეს ვიქირავე და არავინ გეკითხება, რას ვიზამ აქო. ახლა ამან რა გააკეთა: ბარის სამზარეულოს გვერდზე მქონდა კიდევ ოთახი, მისაყუდებელი სკამები გადამიჭრა, პადონებად გამოიყენა და ზემოდან მატრასები დადო; 14 წელია ამ ფართს ვაქირავებდი, მამისეული ბინაა და 14 წლის გაუქმებული აბაზანა აღადგინა უჩემოდ; გაზის ქურები შეიტანა დამატებით, ამის გამო გადამეტება იყო და გაზიც გადაუჭრეს. ეს ყველაფერი სულ უჩემოდ გააკეთა, არც კი მკითხა. მთავარი - მაპატიეთ და, ბორდელი მომიწყო! რომ შევედი ერთხელაც და ვუყვირე რაღაცაზე, ამ დროს მისმა მეწილემ ჩემი გინება და ყვირილი ჩაიწერა. მერე პატრული გამოიძახა და ჩვენმა პატრულმა მე წამიყვანა! გაიგეთ, რა მოხდა? ამხელა ქალი ვარ და პატრულის მანქანაში პირველად მოვხვდი. ამ ინციდენტზე, თუ რაც ჰქვია, 14 ივლისს იყო სასამართლო და ისეთი კეთილსინდისიერი მოსამართლე აღმოჩნდა, ეს ჩანაწერი მტკიცებულებადაც კი არ მიიღო. კი, შევიგინე, მაგრამ მოსამართლემ უთხრა იმათ თარჯიმნის მეშვეობით, - თქვენს თავზე რატომ მიიღეთო? აქ არ ჩანს, რომ კონკრეტულად თქვენ გაყენებთ შეურაცხყოფასო. გაიხაროს იმ მოსამართლემ, არც მტკიცებულებად მიიღო, არც ჯარიმა გამოწერა და არც გაფრთხილება მომცა - პირდაპირ შეწყვიტა საქმე.

- თქვენ თუ მიმართეთ სასამართლოს?
- კი, გელა ნიკოლეიშვილი მყავს ადვოკატად და სასამართლოში სარჩელი შეტანილი მაქვს ხელშეკრულების შეწყვეტის მოთხოვნით. ეს კიდევ ყველაფერი არაა, გეტყვით, რა გააკეთა ამ თაღლითმა: ეს თავისი შპს 7000 დოლარად გაყიდა, ირანელ მამა-შვილს მიჰყიდა. მართალია, ეს მისი პირადი საქმეა, მაგრამ მეც ვარ შუაში - ჩემს ფართში სხვა ირანელები მოვიდნენ და ის კი წავიდა. იმდენი ირანელი ტრიალებდა ჩემს ფართში, ათასი რაღაც ვიფიქრე, რა ვიცი, რა ხდება? მივედი გასარკვევად და ამ მამ-შვილმა მითხრა, - ჰუსეინის შპს ვიყიდეთ და ახლა ჩვენ შემოვედით აქო... მე რატომ არ მკითხეთ-მეთქი? არ დაგაინტერესათ, ამ ფართის მესაკუთრე ვინ არის-მეთქი? კი, იყიდეთ, ეს ჩემი საქმე არ არის, მაგრამ ხომ უნდა გეკითხათ, სად შემოდიოდით-მეთქი?

- თვითონ სად წავიდა?
- თვითონ წავიდა კოსტავას 12-ში. მე ხომ სარჩელი უნდა მიმეტანა მისთვის და გუშინწინ (ინტერვიუ ჩაწერილია 22 ივლისს. - ნ.ლ.) ამ მისამართზე მივიტანე, მაგრამ თურმე ესეც დაუკეტია უკვე. ახლა შარტავაზე ცხოვრობს, ეგ მისამართიც გავიგე და, ალბათ, მერე სასამართლო მოძებნის, სადაა დღესდღეობით რეალურად. ახლა რასაც გიყვებით ჩემს ამბებზე, მე ეს ყველაფერი ფაქტებით მაქვს დასაბუთებული. საჯარო რეესტრშიც მაქვს შეტანილი განცხადება ჰუსეინთან ქირავნობის ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე, მაგრამ არ შემიწყვიტეს! ამ ჰუსეინს ორი კვირით ადრე გაფრთხილებაც მივეცი, რომ აღარ მინდოდა მასთან საქმიანი ურთიერთობის გაგრძელება, 180 ლარი დამიჯდა ამის თარგმნა ირანულ ენაზე, მაგრამ... ჩემს მამისეულ ფართში არ მიშვებდა საერთოდ! ამ ახალ შემოსულებთან რაღა ვქნა, მათთან პრეტენზიები ვერ მექნება.

- ჰუსეინთან თუ ოფიციალურად შეწყდება ხელშეკრულება, ამჟამინდელი მოსარგებლეები გავლენ, ალბათ, იქიდან?
- ესენი უკვე მერე ავტომატურად გავლენ ჩემი ფართიდან. ამათ რომ ჰუსეინის შპს იყიდეს, იმის დავალიანებები, პრობლემები და ყველაფერი უკვე ამათზე გადმოვიდა. შესაბამისად, თუ ჰუსეინთან შეწყდება ხელშეკრულება, მერე იურიდიულად ესენიც იძულებულები იქნებიან, გავიდნენ ჩემი ფართიდან და ასეც მოვიქცევი, გავუშვებ ამათ. მირჩევნია, წლობით მქონდეს დაკეტილი ჩემი ფართი, მშიერი დავჯდები სახლში, ვიდრე ესენი კიდევ შემოვუშვა! ადრე სულ ჩემიანები, ქართველები მყავდა ამ ფართში, შეღავათებსაც ვუკეთებდი და ყველაფერს და ეს ვინ შემომივიდა, გაგიჟებული ვარ! რაღა მე შემხვდა ეს თაღლითი ირანელი? მაგრამ თურმე ნახევარი თბილისი ასეა გადაგდებული.

- რამდენად გაქვთ მიქირავებული?
- ხელშეკრულებაში 1 000 ლარი წერია, მაგრამ მხოლოდ ერთადერთხელ მომცა ქირის რაღაც ნაწილი, პატრულს რომ გამოვუძახე, მას მერე. საშემოსავლოს და კომუნალურებსაც აღარ იხდის, იმ 1 000 ლარში უნდა საშემოსავლოს ჩათვლა. ფაქტობრივად, ჩემს ფართში ამხელა ფული გააკეთა! იცით, რას მეუბნებოდა ხოლმე? მეო ირანელი ვარო, პრივილეგიები მაქვს და ვერაფერსაც ვერ მიზამო, არ გავალ შენი ბინიდანო. როცა ვადა ამოიწურება, მაშინაც ან წავალ, ან არაო! ახლა, არ გაგისკდებათ ამაზე გული? 2-3 კვირაა, ჰუსეინი აღარაა აქ, მაგრამ მანამდე: ბარის კარი ეზოში გამოდის და მისი კარის გვერდზე, ჩემი რკინის კარია, რომელიც არ იკეტება, ამხანაგები მიდი-მოდიან ხოლმე ჩემთან. შიშის ქვეშ ვიყავი, ეზოში ვერ გავდიოდი, რომ საკუჭნაოდან მურაბები ამომეტანა - დანა არ დამარტყას-მეთქი!

- გემუქრებათ?
- სულ ხელებს იქნევდა, ერთი-ორჯერ საცემრადაც გამოიწია და მემუქრება «ნი ტო სლოვო»! მთაწმინდის პოლიციაშიც შეტანილი მაქვს განცხადება მის წინააღმდეგ, ჩემს სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება და დამიცავით ამ ადამიანისგან-მეთქი.

- რამე რეაგირება თუ მოჰყვა?
- ჰუსეინი დაიბარეს პოლიციაში და ალბათ, უბნის ინსპექტორმა დააწერინა, რაც ასეთ დროს იწერება ხოლმე. ცალკე მორალურად ვარ ცუდად, რამდენჯერაც ამ ამბებზე ვფიქრობ, ცუდად ვხდები, ღამეებს თეთრად ვათენებ ამდენ ნერვიულობაში. თქვენ ეხუმრებით შიშის ქვეშ ცხოვრებას? სამი თვე, სანამ ეს ჰუსეინი აქ ეგდო, შიშის ქვეშ ვიყავი! ცალკე მეზობლებმა დაწერეს განცხადება პოლიციაში ხმაურზე, ისეთ ამბებში იყვნენ ხოლმე.

- თქვენ თქვით, ბარი ბორდელად აქციესო და დანამდვილებით იცით, რომ ეს ასეა?
- ფოტოები მაქვს გადაღებული მატრასები რომ უდევთ იქ, ჩემოდნები, «შლიოპკები», აბაზანა აღადგინეს და მეტი რაღა ფაქტია საჭირო? ღამე სულ ვიღაცები ჩადიოდნენ იქ ეზოს მხრიდან. ყველა ეს ფოტო და საბუთები, რაც მაქვს, სასამართლოში სარჩელს დაურთო გელა ნიკოლაიშვილმა. მთავრობა არაფერს არ აკეთებს ამათი გაურკვეველი და თაღლითური საქმიანობის დასარეგულირებლად, აქეთ ქართველებს ჩაგრავს! აგერ ახლა ქართველი ბიჭი რომ სცემეს ირანელებმა, ვითომც არაფერი! ასე მიშვება შეიძლება ამ ხალხის? ახლა შარდენზე რაც მოხდა სადღაც ერთი კვირის წინ, ამასაც გეტყვით და დაზუსტებულად ვიცი ეს: ერთ-ერთ ბარში, რომელიც ირანელის ყოფილა, ერთმა ქართველმა ახალგაზრდამ ქართულად იცეკვა თავისებურად (ახლობლის მეგობარია ეს ბიჭი), მივიდა მასთან ირანელი, - ჩემი ბარია, ნუ ცეკვავ ასეო და ჯვარი ჩამოგლიჯა! იმ ბარს ქართველი დაცვა ჰყავდა და მერე ის დაცვა ამ ჯვარზე ფეხებით შედგა! პატრული რომ გამოიძახა ირანელმა, პატრული იცით, რას იძახდა? მოდი, ამ ქართველებს ნარკოტიკი ჩაუდე და წავიყვანოთო! წარმოგიდგენიათ?! და იმ ქართველ ბიჭს იცით, რამ უშველა? მე რუსეთის მოქალაქე ვარ, დედა მყავს ადვოკატი და ვერაფერს ვერ ჩამიდებთო, უთხრა! ამის მერე შეეშვა პატრული! ან ის დაცვა რომ ავიღოთ, განა რას უხდიან ამდენს, რომ ჯვარზე ფეხებით შედგა? მეორე ამბავს გეტყვით კიდევ: «ლაგუნა ვერე» ხომ იცით? მანდვე კაცს გაქირავებული ჰქონდა ბინა ირანელზე, შვიდი თვე ვერ გამოაგდო ის ირანელი იქიდან, ქირასაც არ უხდიდა ამ კაცს! ახლა სასამართლოში აქვს ამ კაცს შეტანილი საქმე. ვერ გავიგე, ესაა მაგათი «ბიზნესი» და «უცხოური ინვესტიციები»? მე თუ მკითხავ, ესენი აქ შემოგზავნილები არიან, იქიდან აფინანსებენ 10 ათასი დოლარით თითო ოჯახს, აქ ჩამოდიან მერე, რაღაცებს საქმიანობენ და ქართველებს «აგდებენ!» ეს ბიზნესია? ქირაობენ აქ ფართებს, ბინებს და იმ ფულსაც არ იხდიან! ყველა ირანელს არ ეხება ეს, რა თქმა უნდა, მაგრამ ძირითადად, ეს ასე ხდება! ახლა სრულად გეტყვით ამ ირანელის სახელსა და გვარს, მისი შპს-ს სახელწოდება რომ «404+»-ია, ეს კი გითხარით უკვე - ეს გახლავთ ჰუსეინ მოლა ბადური. მთავრობამ რამე უნდა იღონოს, ასე გაგრძელება არ შეიძლება! თავის ჭკუაზე არიან უკვე და რასაც უნდა, იმას აკეთებენ!

„ალია“, ნინო ლაბარტყავა
წყარო - alia.ge
dle
loading...
29-07-2017, 21:00
-
---
კომენტარები


რეკლამა
loading...
უცნაური ამბები