Image

"ნათესავს ეხვეწებოდა, იატაკზე დავწვები, ოღონდ თქვენთან დამტოვეთ, იმასთან არ მინდაო"- ახალი დეტალები ანა ხელაძის მკვლელობის საქმეში

image
loading...

19 წლის ანა ხელაძე დეიდის სახლში ყელგამოჭრილი იპოვეს. მას ჭრილობები ცივი იარაღით ყელისა და კისრის არეში ჰქონდა მიყენებული. შემთხვევა უზნაძის ქუჩაზე მოხდა. მკვლელობაში ბრალდებულია მოკლულის ბიძაშვილი რობერტ ახალაია, რომელიც დეიდის ბინაში ანა ახალაიასთან ერთად ცხოვრობდა.

სასტიკი მკვლელობა უზნაძის ქუჩაზე 16 ივნისს დაახლოებით 17:00-ზე მოხდა. ამ დროს, რობერტ ახალაია და ანა ხელაძე სახლში მარტო იმყოფებოდნენ. საქმის პროკურორის გრიგოლ ბიბილაშვილის ინფორმაციით, ბინის პატრონი, რომელიც ანა ხელაძის დეიდა იყო, ხოლო რობერტ ახალაიას მამიდა, ფოთში საკუთარ მცირეწლოვან შვილებთან ერთად იყო წასული.

ექსპერტიზის წინასწარი დასკვნით, ანა ხელაძეს 8 ჭრილობა აქვს მიყენებული. ამის შესახებ საქმის პროკურორმა გრიგოლ ბიბილაშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ბრალდებულმა რობერტ ახალაიამ გოგონას ყელის არეში სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა, სისხლიანი ტანისამოსი აბაზანაში გამოიცვალა, ბინა დატოვა, კარტა შეცვალა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. უფრო კონკრეტულად კი ფოთში წავიდა.

ანა ხელაძე მკვლელობიდან მეორე დღეს მეგობრებმა აღმოაჩინეს. მეზობლების თქმით, მოკლულის ძებნა მას შემდეგ დაიწყეს, რაც ერთ-ერთი დილით გამოცდაზე არ მივიდა. განერვიულებულმა დეიდამ მეზობელს ფოთიდან დაურეკა და სთხოვა, სახლში მისულიყო.

„კარს არავინ აღებდა. რამდენიმე წუთის შემდეგ მოვიდნენ ნათესავებიც. აქვე მშენებლობა მიმდინარეობს და მშენებლებს კიბე სთხოვეს. კიბის მეშვეობით ახალგაზრდა ბიჭი მეორე სართულის აივნიდან შევიდა ბინაში, მაგრამ მალევე უკან ყვირილით გამოვარდა – ანა სისხლში ცურავს, ყელი აქვს გამოჭრილიო. შოკში ვიყავით, დავრეკეთ სასწრაფოში, პოლიციაში“, – იხსენებენ მეზობლები.

პროკურორის თქმით, ანა ხელაძის მკვლელობაში ბრალდებული რობერტ ახალაია გამოძიებამ ჯერ მოწმის სახით დაკითხა, შემდეგ კი დააკავა. ბრალდებულს პოლიციისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია.

ბრალდების მხარის ცნობით, რობერტ ახალაია ბრალს აღიარებს. რაც შეეხება რობერტ ახალაიას ადვოკატს ოლღა გეჯაძეს, ის ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი დუმილის უფლებას იყენებს და ბრალს არ აღიარებს.

საქმეზე უკვე გაიმართა სასამართლო სხდომა, სადაც აღმკვეთი ღონისძიების საკითხზე იმსჯელეს. პროცესზე ბრალდების მხარემ იმ მტკიცებულებებზე ისაუბრა, რომელიც საქმეში ფიგურირებს. პროკურორ გრიგოლ ბიბილაშვილის ცნობით, ახალაიას ჩანთიდან ამოღებულია დანაშაულის იარაღი – დანა, ხოლო აბაზანაში მისი სისხლიანი ტანისამოსია ნაპოვნი.

ახალაიას ადვოკატის თქმით კი, სამოსზე სისხლის წვეთები იმიტომაა, რომ ბრალდებულს ხელი გაეჭრა. სასამართლო პროცესზე რობერტ ახალაიას ხელი ჰქონდა შეხვეული.

პროცესზე ახალაიამ საკმაოდ საინტერესო განცხადებები გააკეთა. მან დანაშაული არ აღიარა, თუმცა განაცხადა, რომ თავიდან არ ჰქონდა განზრახული პოლიციაში გამოცხადება, ფოთში ჩასვლის შემდეგ კი გადაწყვიტა, პოლიციაში მისულიყო.

„თავიდან, სანამ დავფიქრდებოდი ჩემ მიერ ჩადენილ ქმედებაზე, არ მქონდა განზრახული პოლიციაში გამოცხადება. თუმცა, როდესაც ყველაფერი გავიაზრე, გადავწყვიტე, გამოვცხადებულიყავი. ფოთში ვიყავი ზღვაზე, როდესაც სამართალდამცველები მოვიდნენ და მითხრეს, რომ პოლიციაში ვიყავი დაბარებული. მე მათ ჩემი ნებით წავყევი“, – განაცხადა რობერტ ახალაიამ.

ბრალდებული ამბობს, რომ პოლიციას თავად აჩვენა, სად ჰქონდა დამალული დანაშაულის იარაღი. „თუ მიმალვა მინდოდა და სურვილი მქონდა, არ მეთანამშრომლა გამოძიებასთან, არ ვაჩვენებდი, სად იყო დანა და გადავაგდებდი ზღვაში“, – განაცხადა ახალაიამ.

დანაშაული ნამდვილად სასტიკია, განსაკუთრებით მაშინ, როცა მოკლულსა და ბრალდებულს შორის ნათესაური კავშირი იკვეთება. გამოძიება დაწყებულია მკვლელობის მუხლით, თუმცა ამ დრომდე უცნობია მოტივი, რატომ უნდა მოეკლა 19 წლის ანა ხელაძე, გოგონა, რომელსაც ყველა დადებითაც ახასიათებს, იმ ბიჭს, რომელსაც ასევე დადებითად ახასიათებენ მეგობრები და ნათესავები.

მკვლელობის ვერსიებზე ოჯახის წევრები ვერ საუბრობენ და მკვლელობის მოტივად ვინმესთან კონფლიქტს გამორიცხავენ. ერთ-ერთ მოტივად სექსუალური ძალადობა განიხილება. ბრალდებისა და დაცვის მხარეც ამ მოტივს გამორიცხავს და აღნიშნავენ, რომ საქმეში მსგავსი ფაქტები არ ფიგურირებს, თუმცა ფიზიკური ძალადობა ნამდვილად სახეზეა.

პროკურორის თქმით, ახალაიას მიერ დანაშაული ძალადობითაა ჩადენილი, თუმცა ის სექსუალური ხასიათის არ ყოფილა. ყველაფერი ექსპერტიზის დასკვნაზეა დამოკიდებული, რომელმაც პასუხი უნდა გასცეს კითხვას, ჰქონდა თუ არა ადგილი სექსუალურ ძალადობას.

იქამდე კი „პრაიმტაიმთან“ საუბრისას მეგობრები და მეზობლები იხსენებენ, რომ მოკლულ ანა ხელაძეს წელს ქვევით ტანსაცმელი არ ეცვა.

ჩვენთვის, ასევე, ცნობილი გახდა, რომ ანა ხელაძის მკვლელობისთვის ბრალდებული მკვლელობის მიზეზად ზომბების შესახებ ფილმის ნახვის შედეგად აფექტის მდგომარეობაში ყოფნას ასახელებს. გარდაცვლილის ბიძაშვილის თქმით, ბრალდებული რობერტ ახალაია ამ მიზეზით ციხიდან თავის დაძვრენას ცდილობს, რათა ფსიქიატრიულში მოხვდეს.

„ანი ჩემი მამიდაშვილია. რობერტს ვიცნობდი, ოღონდ შორიდან, არასდროს დავინტერესებულვარ მისით. მკვლელობის მიზეზად კი, რასაც აღიარებს, არის ის, რომ „რაღაც ზომბების კინოს ვუყურებდი და მინდოდა, მეც იგივე გამეკეთებინა, აფექტის მდგომარეობაში ვიყავიო“, სავარაუდოდ, თავს იძვრენს, რათა ფსიქიატრიულში მოათავსონ და ციხეს ასცდეს. სხვანაირად არ ვიცი, ამას რა დავარქვა. ანუკი სპორტსმენი იყო, ეტყობა, ვერ მოერია და თავში ჩაარტყა რაღაც, რომ გაეთიშა“, – ამბობს გარდაცვლილის ბიძაშვილი.

„პრაიმტაიმი“ თბილისში ანა ხელაძის მეზობლებსა და მეგობრებს ესაუბრა, მათი თქმით, ბიძაშვილ-მამიდაშვილს ერთმანეთში კონფლიქტი არ ჰქონიათ და მშვიდად ცხოვრობდნენ.

სხვას გვიყვებიან ფოთში, ანა ხელაძის მეზობლები. მათი თქმით, ანას რობერტთან ერთად ცხოვრება არ უნდოდა.

„ნათესავს ეხვეწებოდა, იატაკზე დავწვები, ოღონდ თქვენთან დამტოვეთ, იმასთან არ მინდაო. აკონტროლებდა თურმე ეს ბიჭი, უკრძალავდა თავისუფლად სიარულს და ანას მასთან ცხოვრება არ უნდოდა“, – უყვებიან „პრაიმტაიმს“ მოკლულის ფოთელი მეზობლები.

ანა ხელაძე და რობერტ ახალაია ორივე სტუდენტები არიან. მოკლული თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეკონომიკის ფაკულტეტზე სწავლობდა, ბრალდებული კი დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტში, იურიდიული ფაკულტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი იყო.

ანა ხელაძის მეგობრები და ლექტორები მომხდარს განიცდიან და მეგობრის შესახებ ისტორიებს იხსენებენ. ამბობენ, რომ ანა გამორჩეული სტუდენტი იყო, მოსიყვარულე, კეთილი. ყოველთვის მზად იყო, მეგობრებს დახმარებოდა.

ანა ხელაძეს ჰობიც ჰქონდა, რომელსაც ისევე წარმატებით ართმევდა თავს, როგორც სწავლას. ანა ხელაძე მოფარიკავე იყო. ევროპის ჩემპიონიც გახდა გუნდურ ფარიკაობაში. მოკლედ, მას წარმატებული მომავლისთვის ყველაფერი ჰქონდა. მეგობრები ამბობენ, რომ ყველგან თავის ნიშანს – მოფარიკავე კაცუნას ხატავდა.

მკვლელობამდე ერთი დღით ადრე, ჯგუფელებთან ერთად ყაზბეგში იყო ექსკურსიაზე. იქაც თავისი ნიშანი დატოვა ქვაზე – მოფარიკავე კაცუნა. მეგობრები ფოტოს დღემდე ინახავენ, როგორც ანასთან დამაკავშირებელ სიმბოლოს. მოფარიკავე კაცუნასთან დაკავშირებულ საკმაოდ ემოციურ ისტორიას აქვეყნებს ანა ხელაძის ლექტორიც თამაზ ზერეკიძე.

„ამ დღეებში თავზარი დამცა გავრცელებულმა ინფორმაციამ სტუდენტი გოგონას საზარელი მკვლელობის შესახებ.
დღეს გავიგე, რომ თურმე საუბარია ჩემს ერთ-ერთ საუკეთესო, გამორჩეულ სტუდენტ გოგონაზე...
ანა, სემესტრის ბოლოს ჩვენ ძალიან გაგვიჭირდა ერთმანეთთან განშორება. კათედრაზე დაფის ზედა კუთხეში თქვენ სამახსოვროდ დამიტოვეთ ნახატი – მოფარიკავე კაცუნა, რომელიც ჩვენს ურთიერთობაში უკვე სიმბოლური შინაარსის მქონე იყო.
მე შეგპირდით, რომ ამ ნახატს სექტემბრამდე არ წავშლიდი.
ახლა გპირდებით, რომ მე მას არასოდეს წავშლი!
ღმერთო! ჩემი წილი გზის დიდი ნაწილი, ალბათ, უკვე გავიარე. არასოდეს არ ყოფილა ეს გზა უეკლო, მაგრამ არავისთვის, მათ შორის შენთვისაც, დახმარება არ მითხოვია.
ახლა გთხოვ:
ღმერთო, უმკურნალე ჩემს სამშობლოს!“ – წერს თამაზ ზერეკიძე.

ახალგაზრდა გოგონას მკვლელობა უკვე იქცა საზოგადოების ინტერესის საგნად. დაცვის მხარე რობერტ ახალაიასთვის ფსიქიატრიული შემოწმების ჩატარებას მოითხოვს. საქმის წინასასამართლო სხდომა 13 სექტემბერს ჩაინიშნა, იქამდე ბრალდებული წინასწარ პატიმრობაში რჩება, ხოლო მოკლულის მეგობრები და ახლობლები – გაურკვევლობაში, რა მოხდა, ვინ არის დამნაშავე და შეეძლო თუ არა ბიძაშვილს მამიდაშვილის გამეტება?

dle
loading...
26-07-2017, 14:05
-
---
კომენტარები


რეკლამა
loading...
უცნაური ამბები