Image

54 წლის ემიგრანტი, რომელმაც ლოთი ქართველი ქმარი ენერგიული ბერძენით ჩაანაცვლა - "მხოლოდ ერთმა შვილმა ვერ გამიგო"

image
loading...

"გამარჯობა. მე მალვინა ვარ, 54 წლის. მინდა, ჩემს სევდიან წარსულსა და ოპტიმიზმით გამსჭვალულ მომავალზე მოგიყვეთ. სხვების გულახდილმა წერილებმა მეც დამაყენა ლაპარაკის გუნებაზე და იმედია, იმის გამო არ დამძრახავთ, რასაც გიამბობთ. გაითვალისწინეთ, არავინ იცის, მომავალში რა ელოდება და შეიძლება იმას, ვინც ჩემს ჩასაქოლად ქვას არ დაიშურებს, მომავალში თავადაც ისე მოუხდეს ცხოვრება, როგორც მე... ცნობისათვის, ემიგრანტი ვარ და წერილს ათენიდან გწერთ. მყავდა ქმარ-შვილი, მაგრამ ახლა მხოლოდ შვილებთან ვურთიერთობ, ლოთი ქმარი კი ენერგიულმა, ნამდვილმა ჯენტლმენმა ჩაანაცვლა :))", - ამ წერილის ავტორ ქალბატონს "ფეისბუკის" წყალობით დავუკავშირდი და მიწერ-მოწერის რეჟიმში ეს ინტერვიუც შედგა.

- პროფესიით პედაგოგი ვარ. დაახლოებით 10 წელი ვასწავლიდი ერთ-ერთ სკოლაში, მაგრამ მოგეხსენებათ, საქართველოში მასწავლებლებს შრომა როგორც უფასდებოდათ წლების წინ. ჰოდა, ოჯახური მდგომარეობის გამო, მეც იძულებული გავხდი, საქართველოდან გადმოვხვეწილიყავი. ჩემი ქმარი მთელი ცხოვრება უმუშევარ ადამიანად მიიჩნეოდა. სოფლის კაცი იყო და როგორც გლეხს შეეფერება, ისე ცხოვრობდა, მხოლოდ ჩემი ხელფასით კი ვერ გაგვქონდა თავი. სამი შვილი მყავს. უფროსი სკოლას რომ ამთავრებდა, სწორედ მაშინ გადავწყვიტე, სამუშაოდ წამოვსულიყავი.

- მაინცდამაინც საბერძნეთს რატომ მიაშურეთ? იქ ვინმე გყავდათ თუ უბრალოდ, ბევრის მსგავსად, ამ ქვეყანაში ემიგრანტების ყოფის შესახებ რაღაცები იცოდით და თქვენც, ბედის საძიებლად გაეშურეთ?
- აქ მართლა არავინ მეგულებოდა ჩემი გულშემატკივარი, მაგრამ მაინც გავრისკე, პროცენტიანი ვალი ავიღე და წამოვედი. მშრომელი ქალი ვარ და ვიფიქრე, როგორ დავიკარგები? ისე როგორ მოვკვდები, რომ არ მივდგე-მოვდგე და სამუშაო ვერ ვიშოვო, რათა შვილებს ვალი მაინც არ დავუტოვო-მეთქი. მოკლედ, საკუთარი თავის იმედი მქონდა, თან, როგორც ამბობენ, მარიფათიანი ქალი ვარ.

- თუ ასეთი მარიფათიანი ხართ, ქმარს სამუშაო რატომ ვერ უშოვეთ?
- როგორ ვერ ვუშოვიდი, მაგრამ არანაირი განათლება არ ჰქონდა. რაც შეეძლო, იმის გაკეთებას უკადრისობდა და აბა, ძალად როგორ ვამუშავებდი? სამაგიეროდ, თოხისა და ბარის მოქნევაში კაცი არ სჯობდა. ისეთი ბაღ-ვენახი გვქონდა, ხალხი სულ შურის თვალით გადმოჰყურებდა. მაგრამ რად გინდა, მარტო ბაღ-ვენახი ვის რაში გამოსდგომია, ჩემს შვილებს რომ გამოსდგომოდა? ხომ იცით, გარდა იმისა, რომ ბავშვებს გაზრდა და აღზრდა სჭირდებათ, განათლების მიღებაშიც უნდა შეუწყო ხელი, დღევანდელ საქართველოში კი განათლებას ვერ მიიღებ, ჯიბეზე თუ არ გაიკარი ხელი. ჰოდა, რაც არ გვქონდა, საიდან მომეტანა? ამიტომაც მივატოვე სამსახური, ჩემი უმადური პროფესია და უცხო ქვეყანაში გამოვიქეცი.

- ქმარმა თქვენი გადაწყვეტილება, სამუშაოდ საბერძნეთში წასულიყავით, არ გააპროტესტა?
- დიდხანს ვეღრიჯინე, უნდა წავიდე-მეთქი და ბოლოს, როგორც იქნა, დავითანხმე.

- რა მოხდა მას მერე, რაც საბერძნეთის მიწაზე დადგით ფეხი?
- ცხადია, ქართველები ავტობუსშივე გავიცანი. გაუკვირდათ, - ასე უპატრონოდ სად მიდიხარ? ენა მაინც თუ იციო? - რუსულის პედაგოგი ვარ და ეს ენა ცხადია, კარგად ვიცი; ქართულიც ხომ ვიცი და ცოტაოდენი გერმანულიც მეხერხება-მეთქი. გაეცინათ, - ეგ ენები საბერძნეთში არ გამოგადგებაო. მერე ერთ-ერთმა ღვთისნიერმა ქალბატონმა მითხრა: ნუ გეშინია, მალვინა, საყვარელო, სამსახურის მოძებნაში მე დაგეხმარები, მაგრამ იცოდე, არ დამივიწყო და საქართველოში რომ დავბრუნდებით, ქეიფი და მაღარიჩი შენზე იყოსო. ქეიფზე აბა, უკან როგორ დავიხევ?

- პირობა შეასრულა?
- რა თქმა უნდა, შეასრულა. საბერძნეთში რომ ჩავედით, ვიღაცას დაურეკა; იმან კიდევ სხვა შეაწუხა, მაგრამ ვერაფერი გამოჩიჩქნეს. მერე ამ ქალმა იქ მიმიყვანა, სადაც მუშაობდა და მითხრა: ღამეს აქ ვერ გაგათევინებ, ამის უფლებას არ მომცემენ, მაგრამ ბარგს შეგინახავ, ერთი ღამე სადმე უნდა გაათიო, სხვა გზა არ არის, ხვალისთვის კი რამეს მოვიფიქრებო... თურმე, მისმა "ხაზეინმა" შემნიშნა და ჰკითხა: ეს ქალი ვინ არის, რას ჩურჩულებთო? იმანაც, უამბო ჩემი გასაჭირის შესახებ. - სანდოაო? - იკითხა. ჩემმა ახალგაცნობილმა მეგობარმა იმდენი იფიცა, ბავშვობიდან ვიცნობთ ერთმანეთს და ისე ვენდობი, როგორც საკუთარ თავსო, ლამის სიცილი ამიტყდა, ძლივს შევიკავე თავი. ხან ქართულად ელაპარაკებოდა აღელვებული, ხანაც - რუსულად ან მათსავე ენაზე. ჰოდა, იმ მოხუცმა ვიღაცას დაურეკა, რაღაც უთხრა, მერე თქვა: 600 ევროდ თუ იმუშავებსო? ცხადია, უარი არ მითქვამს. როდის იყო, ნაჩუქარ ცხენს კბილს უსინჯავდნენ? ის კი არა, რომ გავიგე, ვიღაცის მოვლაში ამდენ თანხას მომცემდნენ, სიხარულისგან ცას ვეწიე. მევალებოდა მოხუცი ქალბატონის მოვლა, რომელიც საოცრად ჭირვეული და ამნეზიით დაავადებული გახლდათ. საათობით მიამბობდა რაღაცებს, მე კი იძულებული ვიყავი მესმინა. თუ გავინძრეოდი ან შემატყობდა, არ ვუსმენდი, მაშინვე ყვირილს იწყებდა. არადა, როგორია, უსმინო ადამიანს, რომელიც ლაპარაკობს, შენ კი მისი ენა არ გესმის და ისე მოიქცე, თითქოს გაინტერესებს?

- მასთან დიდხანს მუშაობდით?
- დაახლოებით 8 თვე. ამასობაში ბევრი ქართველი გავიცანი. კვირა დღეს მათთან ერთად ვატარებდი და პარალელურად, ახალ უკეთეს სამსახურს ვეძებდი. ერთხელაც გამოჩნდა სამუშაო კარგი ანაზღაურებით: მოხუცის მოვლაში, რომელიც ლოგინად იყო ჩავარდნილი, 900 ევროს გადამიხდიდნენ... ახალ სამსახურში ხალისიანად მივედი. რას წარმოვიდგენდი, იქ თუ ვიპოვიდი ბედნიერებას, სულის სიმშვიდეს? თუმცა, ადამიანი წინასწარ გრძნობს ბედნიერების დადგომასაც და უბედურებასაც. თუმცა, რაც გაწერია, იმას ვერ შეცვლი.

- ანუ გინდათ თქვათ, რომ პირველ ქმართან გაყრის გადაწყვეტილება თქვენი კი არა, ბედისწერის ბრალი იყო?
- სწორედაც რომ ასეა! აბა, ჩემ გარდა კიდევ 5 ქალი ეძებდა სამუშაოს და რაღა მე მითხრეს, - შენ წადიო? მოკლედ, სწორედ ამ სახლში გავიცანი ჩემი მომავალი მეორე ნახევარი, რომელიც მოსავლელი მოხუცის ნახევარძმა გახლდათ და მასზე ბევრად ახალგაზრდაც იყო. სხვათა შორის, პირველმა მან შემამოწმა და უნაკლო მოსამსახურედ მიმიჩნია.

- დამქირავებელსა და მოსამსახურეს შორის რომანი როგორ გაიბა?
- თავიდანვე ვიგრძენი, რომ მოვეწონე, როგორც ქალი და გული რაღაცნაირად ამიფორიაქდა. წამოსვლაც კი დავაპირე იმ სახლიდან, მაგრამ მომერიდა. მერე ვიფიქრე, ეტყობა, რაღაც მომეჩვენა-მეთქი და სამუშაოს შევუდექი. ის ყოველდღე მოდიოდა და ჩვენ შორის ურთიერთობაც ნელ-ნელა გაღრმავდა. სხვათა შორის, ჩემზე, ჩემს ოჯახზე ყველაფერი დაწვრილებით გამომკითხა. მერე მითხრა: ქმარი გიყვარსო? - რატომ მეკითხები-მეთქი? - თავმოყვარე კაცი შენნაირ ლამაზ ქალს სამუშად საზღვარგარეთ როგორ გამოუშვებდა? დარწმუნებული ხარ, რომ მასაც უყვარხარო? - გადავირიე, რას ბჟუტურებს-მეთქი? გავებუტე კიდეც. ამ გაბუტვიდან მეოთხე დღეს მითხრა: უნდა შევრიგდეთ, სხვანაირად არაფერი გამოვა. თუ გინდა, ბოდიშს მოგიხდიო.

- საინტერესოა, ერთმანეთს რა ენაზე ესაუბრებოდით?
- ჩემდა საბედნიეროდ, რუსული კალომაც იცის და ენის ბარიერი არ შეგვქმნია. თურმე, წლების მანძილზე მუშაობდა რუსეთში, საქართველოში კი ნამყოფიც არ არის. მეუბნება: შენს საქართველოზე იმდენ რამეს ჰყვებიან ჩემი მეგობრები, რომ ერთხელ აუცილებლად ჩავალ, რათა მათ ნათქვამში თავადაც დავრწმუნდეო.

- ჩამოსვლას ხომ არ აპირებთ?
- ჯერ არა! მე ალბათ კიდევ დიდხანს ვერ ჩამოვალ, რადგან საქართველოში ჩასული ყოფილ ქმარს შეიძლება, შემოვაკვდე. იქიდან მემუქრება: რომ გნახავ, მოგკლავ! თავი მომჭერი მთელ ქვეყანაზეო. მაშინ რატომ არ ფიქრობდა ჩემზე და სირცხვილზე, როცა ცოლი ვიღაცის მოსავლელად გამომიშვა?

dle
loading...
26-07-2017, 12:18
-
---
კომენტარები


რეკლამა
loading...
უცნაური ამბები