Image

"გთხოვ, არ იტირო და ქარს გამატანე, არ მინდა მიწაში დავლპე" - სიკვდილმისჯილი გოგონას უკანასკნელი წერილი დედას

image
loading...

26 წლის ირანელი რეიჰანე ჯაბარი 2014 წლის 25 ოქტომბერს სიკვდილით დასაჯეს.
2007 წელს რეიჰანე ირანის დაზვერვის სამინისტროს ყოფილი თანამშრომლის, მორტეზა აბდოლალი სარბანდის მკვლელობისთვის დააკავეს. რეიჰანე ამბობდა, რომ მორტეზა მის გაუპატიურებას ცდილობდა და ის თავს იცავდა.

თეირანის სასამართლომ 26 წლის გოგონას ჩამოხრჩობა მიუსაჯა.

რეიჰანემ, ჩამოხრჩობამდე რამდენიმე დღით ადრე, დედას ხმოვანი შეტყობინება გაუგზავნა, სადაც თავის უკანასკნელ სურვილზე საუბრობდა.

"დადგა დღე, როდესაც სასჯელს პირისპირ უნდა შევხვდე. ეს ჩემი ცხოვრების წიგნის ბოლო გვერდია. მრცხვენია, რომ ჩემ გამო შენ და მამა დამწუხრებულები ხართ.

იმ საშინელ ღამეს მე უნდა მოვმკვდარიყავი და რამდენიმე დღის შემდეგ ქალაქის კუთხეში დაგდებული ჩემი სხეული უნდა ენახა პოლიციას.

ჩემი სხეულის ამოსაცნობად ჩემს მშობლებს პოლიციაში წაგიყვანდნენ და გაიგებდით, რომ გამაუპატიურეს.

მკვლელსა და მოძალადეს ვერასდროს იპოვიდნენ, რადგან იგი მდიდარი და გავლენიანი ადამიანია.

შენ შერცხვენილი იქნებოდი, დაიტანჯებოდი. რამდენიმე წლის შემდეგ კი, სწორედ ამ ტანჯვისგან მოკვდებოდი.

ერთმა დაწყევლილმა დარტყმამ ყველაფერი შეცვალა. ჩემი სხეული ქალაქის რომელიღაც კუთხეში მიგდებული არ არის, სამაგიეროდ საფლავად ქცეულ ევინის ციხეში ვიყავი, ახლა კი შაჰრ-ი რეის ციხეში ვარ.

შენ ყველაზე კარგად იცი, რომ სიკვდილი ცხოვრების დასასრული არ არის.

რთულ პერიოდში სიმშვიდის შენარჩუნება მასწავლე, თუმცა ეს არ დამეხმარა. სასამართლოზე მშვიდად ყოფნამ წარმომაჩინა, როგორც ცივსისხლიანი და დაუნდობელი მკვლელი.

შენ იცი, რომ ჩემი ცხოვრებაში კოღოც კი არ მომიკლავს.

დედა, ყველაზე მძიმე მომენტებში გვერდით არავინ დამიდგა.

ნუ ტირი იმის გამო, რაც ჩემ შესახებ გესმის.

ჩემო საყვარელო დედა, ჩემი იდეოლოგია შეიცვალა და ამის გამო შენ პასუხი არ უნდა აგო. როდესაც შენი თანდასწრების გარეშე ჩამომახრჩობენ, იცოდე, რომ ჩემს მემკვიდრეობად ჩემი ხელნაწერები დავტოვე.

სანამ მოვკვდები, მინდა რომ ერთი სურვილი შემისრულო – ეს არის ერთადერთი რამ, რაც ამ სამყაროსგან, ამ ქვეყნისგან და შენგან მინდა. ვიცი, რომ ამ ყველაფრისთვის დრო გჭირდება.

გთხოვ, არ იტირო. წადი სასამართლოში და მათ ჩემი თხოვნა გადაეცი. მე არ შემიძლია წერილის დაწერა, თუკი მას ციხის უფროსი არ გადაამოწმებს. კიდევ ერთხელ უნდა დაიტანჯო ჩემ გამო. გთხოვ, რომ არავის შეევედრო ჩემს გადარჩენას.

არ მინდა რომ მიწაში დავლპე. არ მინდა ჩემი თვალები და ახალგაზრდა გული მტვრად იქცეს. შეევედრე მათ, რომ როგორც კი განაჩენს სისრულეში მოიყვანენ, წაიღონ ჩემი თვალები, გული, ძვლები, ყველაფერი, რაც ტრანსპლანტაციისთვის გამოდგება და იმათ გადაუნერგონ, ვისაც სჭირდება.

მან, ვინც ჩემს თვალებს მიიღებს, ვინც ჩემს გულს ან სხვა ორგანოს მიიღებს, არ მინდა, რომ ჩემ შესახებ რაიმე იცოდეს. ეს ყველაფერი უბრალოდ იყოს, როგორც საჩუქარი ჩემგან. არც ყვავილები მინდა მათგან, არც ლოცვა.

მთელი გულით გეუბნები, რომ არ მინდა ჩემი საფლავი გქონდეს, სადაც მოხვალ და იტირებ. არ მინდა, რომ ჩემ გამო შავები გეცვას. გააკეთე ყველაფერი, რომ ჩემი მძიმე დღეები დაივიწყო. გთხოვ, ქარს გამატანე.

საყვარელო დედა, სხვა სამყაროში მე და შენ ვართ მბრალდებლები და სხვები ბრალდებულები. მინდოდა სიკვდილამდე ჩაგხუტებოდი.

მიყვარხარ, დედა.

რეიჰანე"
dle
Загрузка...
loading...
16-07-2017, 17:51
-
---
კომენტარები


რეკლამა
Загрузка...
უცნაური ამბები