Image

ქმარი არ მიყვარს, მაგრამ თავს იმით ვიმშვიდებ, რომ მშობლები ჩემი გათხოვებით კმაყოფილები არიან ნიაკო, 18 წლის.

image
loading...

ყოველთვის იმაზე ვოცნებობდი, დამოუკიდებელი ვყოფილიყავი. დამემთვრებინა სკოლა, უნივერსიტეტი, დამეწყო მუშაობა და მქონოდა წარმატებული კარიერა. თუმცა, ეს ოცნება, ოცნებად დამრჩა. სკოლა დავამთავრე თუ არა, ოჯახმა ჩემი გათხოვება გადაწყვიტა. საქმროც მომინახა და ქორწილიც ისე გააჩაღა, არც კი უკითხვათ, მინდოდა თუ არა ეს. გოჩა, ჩემი ქმარი, საკმაოდ კარგი ბიჭია. მასთან საპრეტენზიო არაფერი მაქვს, უბრალოდ, ჩემს მშობლებზე მწყდება გული, ასე რომ მომექცნენ. რომ გავიგე, გათხოვებას მიპირებდნენ, გადავწყვიტე, სახლიდან გავპარულიყავი, მაგრამ, რომ დავფიქრდი, სად უნდა წავსულიყავი? მოკლედ, ასე იყო თუ ისე, დღეს გათხოვილი ქალი ვარ და ვცდილობ, ამას შევეგუო. სიზმარში ვხედავ, როგორ ვიცვამ ლამაზად, მივდივარ სამსახურში და ბედნიერი ვარ. ვიღვიძებ და რეალობას ვეჯახები. ჩემს ოჯახს რომ ვუსაყვედურე, მე სწავლა მინდოდა და არა ოჯახის შექმნა-მეთქი, მითხრეს: ხომ ხედავ, ძლივს გაგზარდეთ ექვსი დედმამიშვილი, გოჩა შეძლებული ოჯახიდანაა და შენ მაინც იყავი ბედნიერი და უზრუნველიო. მათიც მესმის. უნდოდათ, გაჭირვებიდან მეხსნა თავი და შეძლებულ ოჯახში გამეგრძელებინა ცხოვრება. ყველაფერი მაქვს, ვერ დავიწუწუნებ. დედამთილ-მამამთილიც და ქმარიც თავს მევლებიან. საკმარისია, რამე ვთქვა, რომ მეორე დღესვე შესრულებულია. მაგრამ, ის ხალისი და განწყობა აღარ მაქვს, რაც ამ ოჯახში შემოსვლამდე, გათხოვებამდე მქონდა. ნათესავებიც ხშირად მაკითხავენ და მეუბნებიან, ბედი გქონია, ასეთ ოჯახში რომ ჩავარდიო. მაგრამ, არავინ მეკითხება, ის ბავშვი, სად წავიდა, როგორ ჩაკვდა და დასამარდა, რომელიც გათხოვებამდე იყოო. ახლახან დაბადების დღე მქონდა, 18 წლის გავხდი და გოჩამ ულამაზესი ოქროს ჯვარი მაჩუქა. მითხრა, ეს ატარე და რასაც ისურვებ, აგიხდენსო. გულში გამეცინა. მას ჩემი სწავლის გაგრძელებაზე სიტყვის გაგონებაც არ უნდა. მე კი სხვა საფიქრალი და ოცნება, არ მაქვს. სულ იმას მეუბნება, გავაჩინოთ შვილები, გაზარდე. სოფელში უამრავი საქმეა და ამაზე მეტი სამსახური რაღა გინდაო. თავადაც არ აქვს დამთავრებული უმაღლესი, დიდი მანქანის მძღოლია. შემოსავალიც აქვს და არც საქმის ნაკლებობას უჩივის. სულ იმას მეუბნება: აი, მე რომ მესწავლა, სად უნდა მემუშავა, სოფელში ვცხოვრობთ და ჯობია, იმით ვიშოვოთ ფული, რაზეც ხელი მიგვიწვდებაო. ასეა თუ ისე, ზუსტად ვიცი, რომ არა გაჭირვება, მშობლები ასე ადრე არ გამათხოვებდნენ. მეც შევძლებდი ჩემი გზის მონახვას, ნელ-ნელა ავიხდენდი ოცნებებს და ვიქნებოდი ბედნიერი. მაგრამ, მხოლოდ იმით ვიმშვიდებ თავს, რომ მშობლები ჩემი გათხოვებით, კმაყოფილები არიან. რას ვიზამთ, ყველა ხომ არ არის სიყვარულისა და ბედნიერი მომავლისთვის გაჩენილი. მართლია, ქმარი არ მიყვარს, მაგრამ პატივს ვცემ. ვცდილობ, ოჯახში კარგი რძლის სტატუსი დავიმკვიდრო და დავივიწყო ის, რაზეც მთელი ბავშვობა ვოცნებობდი.
ნიაკო, 18 წლის.

dle
loading...
16-07-2017, 16:43
-
---
კომენტარები


Загрузка...
რეკლამა
Загрузка...
უცნაური ამბები