Image

"სიმსივნის დიაგნოზით და სასწრაფო ქირურგიული ჩარევის აუცილებლობით ორი თვე ვიარე აღმა-დაღმა"

image
loading...

თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი სოციალურ ქსელში წერილს აქვეყნებს, რომელმაც მომხმარებელთა დიდი გამოხმაურება გამოიწვია:

"დამშვიდობება 2016 და მისალმება 2017-ს! დიაგნოზი: ვორკოჰოლიკი" - ასეთი სათაურით გამოაქვეყნა ვრცელი პოსტი სოციალურ ქსელში თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, თინათინ ხიდაშელმა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

"გამარჯობა, ჩემი სახელია ტოდი.
მე ალკოჰოლიკი ვარ! ვცდილობ თავი დავაღწიო !
უკვე 10 დღეა სასმელის გარეშე ვარ!"

ოვაციები, ბევრი ტაში, მილოცვები, წახალისება..

ალბათ ბევრს გახსოვთ მსგავსი სცენა თქვენთვის ნაცნობი ფილმიდან. ასევე გემახსოვრებათ ისტორიის გაგრძელება: ერთად შეკრული ჯგუფი, ამბის გაზიარება, გადარჩენილები, გაქცეულები, გვერდზე დარჩენილები.

მეც ასე დავიწყებ. თქვენ სწორედ ის ჯგუფი იქნებით. ჯგუფი, რომელსაც გაგიზიარებთ ჩემს ბრძოლას და რომელთან ერთადაც გავიმარჯვებ.

მაშ ასე. დავიწყოთ!

გამარჯობა!

ჩემი სახელია, თინათინ ხიდაშელი ("თინათინ" და არა "თინა").

მე "ვორკოჰოლიკი" ვარ.

თინა თანდათანობით გაჩნდა, ერთხელ, ორჯერ და შენარჩუნდა. არ მომწონს, არ მიყვარს. მაბერებს, თინა სიცოცხლისგან დაცლილია, ზოლიან პიჯაკს გავს. თინა ჩემი ვორკოჰოლიკობის ხნისაა, სწორედ მისი ნაწილია და მასაც უნდა დავაღწიო თავი.

დათო თინის მიძახის, ბავშვები დედას, ჩემები თიკას, თიას, ბავშვობაში ყველა თინიკოს მეძახდა, მეგობრების ნაწილი თინათინს. თინიკო მემხიარულება. იმ წლებში მაბრუნებს განსაცდელსაც რომ ღიმილით ვხვდებოდი.
თითქმის სამი თვეა ვცდილობ "მას/თინას" დავაღწიო თავი.

- როგორ გაჯობათ?
- ისე, თავისთავად მოხდა.

ერთ დღეს, მაშინ ძალიან პატარა ვიყავი, ორლესული ნიჩბით მოსაკლავად მომდევდნენ, შემდეგ მამაჩემს ჩემს მიერ მოპოვებულ სტუდენტობაში ფული მოსთხოვეს, შემდეგ ჩემს ქალაქში ჩვენ ერთმანეთს ვესროლეთ და ერთი ტყვია მეც შემხვდა, შემდეგ სიკვდილმისჯილებთან აღმოვჩნდი საკანში, შემდეგ კონსტიტუციის წერა დავიწყეთ და ასე თანდათან, ნაბიჯ-ნაბიჯ, ვქორწინდებოდი "მასზე" - საქმეზე.

საქმეზე, რომელიც ჩემზე გაცილებით დიდი იყო, უზარმაზარი, ბევრის პრეტენზია ქონდა - ქართული სახელმწიფო უნდა შეექმნა, ამ სახელმწიფოში ადამიანები უნდა დაეცვა და მათთვის ბედნიერება მოეტანა.

მისმა სიდიდემ მაჯობა, ჩამყლაპა, ჩემი ბედნიერება მოიპარა და ერთ დღეს, ჩემდაუნებურად, სრულად დამეუფლა. ის მკარნახობდა რა მეკეთებინა, რა წამეკითხა, სად წავსულიყავი, რა მენახა, ან არ მენახა, რა გამხარებოდა ან რით დავტანჯულიყავი, ვისთან მქონოდა ურთიერთობა და ვისთვის არ მქონოდა დრო, ვინ იყო ჩემთვის მთავარი და ვინ მეორეხარისხოვანი. ის ბატონობდა ჩემზე, ზუსტად ისე როგორც ნარკოტიკი, ან ალკოჰოლი ან ის ნებისმიერი, რაზე დამოკიდებულების მავნე ზიანის შემცირებისთვის ასე გამალებით იბრძვის სამყარო.

- კი მაგრამ ოჯახი? სიყვარული?
- დიახ, მსოფლიოში ყველაზე მაგარ ადამიანზე ვიქორწინე. მაგრამ ჩვენ "პაქტი" დავდეთ, რომ ჩვენს პირად ცხოვრებას საქმისთვის არ უნდა შეეშალა ხელი, პირიქით უნდა შეევსო, უნდა დახმარებოდა.

ჩვენ პატარა მინდორზე დავრჩით, საქმეს დიდი მინდორი დავუთმეთ სასკოლო რვეულის ფურცელზე გავლებული წითელი ხაზით გაყოფილი.

გინახავთ ცოლ-ქმარი, რომელიც მხოლოდ კომპიუტერზე, ოფისის კედლებზე, ქაღალდებზე, კონსტიტუციაზე ეჭვიანობს? - ეს ჩვენ ვართ, "ერთად, ხელჩაკიდებული შინ და გარეთ".

20 წელია ერთად ვართ ქორწინებაში, ოჯახში, პროფესიულად, საქმეში, ფორმალურად და არაფორმალურად, აი, თითქოს ზუსტად ისე, ჯვრისწერის დროს სასულიერო პირი რომ გმოძღვრის ავადმყოფობის დროს და სიხარულისას, და ა.შ.". სინამდვილეში, მხოლოდ ბოლო სამი თვეა ერთმანეთისთვის.

ჩვენი 20 წლიანი ერთად ყოფნა ოჯახურ "პატარა მინდორზე" ითვლის: ქორწინების ერთ დღეს მისი ტრადიციული "მეორე დღის" გარეშე, ერთკვირიან საქორწინო მოგზაურობას პარიზში ლეპტოპით ხელში სისხლის საპროცესო კოდექსზე მუშაობის თანხლებით, ორ ორკვირიან შვებულებას, რამდენჯერმე უცხოეთში საქმეზე ერთად ყოფნისას მოპარულ თითო დღეს, ერთხელ ხუთ და მეორედ ოთხ დღეს სამშობიაროში, ხუთ დღეს ჩემი სიმსივნის ოპერაციისას.
არც მეტი, არც ნაკლები. სულ ეს არის.

- ასე როგორ ცხოვრობდით?
- ვცხოვრობდით... ოღონდ, როგორც დედაჩემი ხშირად ამბობდა, "სიცილი დავკარგე"! კინაღამ ბედნიერებაც დავკარგე. მე ჩემი ილუზორული სამყარო შევქმენი, ჩემს მიერვე შექმნილი ბედნიერების რკალი შემოვირტყი და იმ, მსოფლიოში ყველაზე მაგარ, ადამიანთან ერთად "დიდ მინდორზე" საზოგადო მოვლენათა ეპიცენტრში ყოფნა თვითკმარ ბედნიერებად გამოვაცხადე. ამ თითქოს სრულიად სრულყოფილად სიცოცხლით, ბრძოლის ჟინით სავსე თვეებსა და წლებში კორექტივებიც მე თავად შემქონდა, კიდევ უფრო მეტი ნამდვილი ბედნიერების წამებით.

როცა პირველად გავხდი დედა და სანდრო დავინახე, ისეთი ლამაზი იყო, იმ მომენტში მეგონა, მთელი დედამიწა ზეიმობდა ამ სილამაზის დაბადებას. ისიც მეგონა, ყველაფერი, რაც მანამდე იყო, სწორედ მის საწოლთან დაიჩოქებდა და ცხოვრება სრულიად სხვა მიმართულებას მიიღებდა. მეხუთე დღეს უკვე ქუჩაში თავისუფალ სიტყვას ვიცავდი...

როცა იმ საშინელი ავარიის დროს, ჩემს მესამე დაყვირებაზე დათოს ხმა გავიგე, სანდრო კარგად არისო, მაშინაც მეგონა "მორჩა, ვაჯობე. ხვალიდან ყველაფერი სხვაგვარად იქნება". თუმცა, მესამე დღეს უკვე სასამართლო დარბაზში დაპატიმრებულ ჟურნალისტს ვიცავდი.

ამ თემაზე არასოდეს სიტყვა არ მითქვამს, ყველა ტალახი და შეურაცხყოფა ავიტანე და მომავალშიც ასე იქნება, იმიტომ რომ იმ დღეს ორი ახალგაზრდა შეიწირა საშინელმა ავარიამ. ჩვენ გადავრჩით. შესაძლოა, პირიქით ყოფილიყო, შესაძლოა ხუთივე დავღუპულიყავით, უფრო სწორედ, როგორც მერე გაირკვა, ექვსივე. როცა იმ საღამოს ავარიის ტრავმების გასინჯვისას მითხრეს, "ნაყოფი უვნებელიაო" მაშინ გავიგე, რომ ფეხმძიმედ ვიყავი. არ ვიცოდი, არც მიფიქრია, ამისთვის არ მეცალა...

მერე გიგა დაიბადა და კიდევ უფრო მეტი სინათლე შემოიტანა, თუმცა მონობას თავი მაინც ვერ დავაღწიე.

შარშან სიმსივნის დიაგნოზით და სასწრაფო ქირურგიული ჩარევის აუცილებლობით ორი თვე ვიარე აღმა-დაღმა, ავღანეთში და ნატოს მინისტერიალზე, სამხედრო წვრთნებზე და მოლაპარაკებებზე. ბოლოს პარასკევს ოპერაცია დამინიშნეს, მე ხუთშაბათს ამერიკაში ვიზიტით გავფრინდი - კვლავ საქმემ მაჯობა.

სიკვდილისთვის ვერ გამიმეტა და ერთად გავაგრძელეთ ცხოვრება, ისე, თითქოს არც არაფერი მომხდარა, ოღონდ, ისევ სიცილის გარეშე.

ეხლა თითქმის სამი თვეა სასტიკი ბრძოლა გვაქვს. ეხლა უკან მოხედვის, გვერდიდან შეხედვის, ამოსუნთქვის შანსი გაჩნდა. 26 წლის თავზე ერთმანეთს შევებრძოლეთ!

თეატრში სიარული მიყვარდა, თბილისში პრემიერას უჩემოდ არ ჩაუვავალია. დედა მარჯანიშვილის თეატრის სალაროს თანამშრომელს დაუმეგობრდა ბილეთის პრობლემა რომ არ გვქონოდა. ალბათ, ერთი ათეული წელია თეატრში ოფიციალური მიზეზებით, სხვის მიერ შემოთავაზებულ რეპერტუარზე, სხვის მიერ არჩეულ სპექტაკლზე და სხვების გასართობად დავდივარ.

ბალეტი. სულ პატარა ვიყავი და მოსკოვში ორჯერ გავიპარე დიდ თეატრში. ფიქრისაც კი მრცხვენია, ბოლოს როდის ვიყავი. 12 წლის წინ, ამერიკაში. სანდრო მყავდა "მაკნატუნაზე". არადა, რომ გეკითხათ, ამაყად გიპასუხებდით, რომ მსგავსი სილამაზე, სინატიფე, სიდიადე, ზეიმი, რომელიც საოცარ სიმშვიდეს მგვრის და ბედნიერებას მანიჭებს, არ არსებობს-თქო.

მესამე თვეა. ჯერ არც თეატრში ვყოფილვარ, არც ბალეტზე. ჯერ კიდევ ვემზადები. არც ისეთი ადვილი აღმოჩნდა "მასთან" გამკლავება, როგორც მეგონა. ღრმად აქვს ფესვები გადგმული. "ამისთვის არ უნდა მეცალოს" ისევ ძლიერია.

ჩემი ბრძოლის მონაგარი დაახლოებით ასე გამოიყურება. 23 დღე ინტერპრესნიუსის გარეშე, თითქმის ორი თვე "იმ" ფბ-ს გარეშე, სრულად ტელევიზორის გარეშე. კიდევ უფრო მეტი წინ არის.

- რითი ერთობოდი? როგორ ისვენებდი?
- არ მემეტებოდა არც ერთი წუთი გართობისა და დასვენებისთვის. მენანებოდა ყველა საათი ძილისთვის და განტვირთვისთვის. მეგონა "მის" გარეშე გატარებულ ყოველ წამს ღალატის საშინელ აქტს ჩავდიოდი.

ამიტომ ის მეგობრებიც რამის დავკარგე, ვისთანაც "მის" გამო არ მიწევდა ურთიერთობა.

ერთადერთი, შვილებთან ვერ დამამარცხა, ვერ ჩააქრო ნაპერწკალი. სწორედ ეს გადამარჩენს.

- დღეს?
- ამ სამ თვეში ვცადე ჩამეტია "მისთვის" მიძღვნილი და ყველა ჩემთვის ძვირფასი ადამიანისგან მოპარული ორი ათწლეული.

სანდროს და გიგას პირველი ნაბიჯები,
პირველი სიტყვები,
პირველი ზეიმი ბაღში, სკოლაში,
პირველი სექტემბერი,
სანდროს ხასიათის ცვლილება, თინეიჯერობა,
გიგას ვაჟკაცური გამკლავება "გ, ქ, კ"-ს წარმოთქმასთან,
წლები, რომელიც გამოვტოვე,
წიგნები, რომელიც ვერ წავუკითხე,
რჩევები, რომელიც ვერ მივეცი,
კითხვები, რომელზეც ვერ ვუპასუხე,
ღამეები, როცა ცუდ სიზმრებს ხედავდნენ და იქ არ ვიყავი.

ბოლო სამი თვე ჩემი 2017-ის დასაწყისია. როდესაც ალბათ შევძლებ კომპენსირებას, ყველაფერს ჩავატევ, ავანაზღაურებ, ასმაგად მოვინდომებ. მაგრამ ეხლა მთავარია, "მისი" მარწუხებისგან გამოვიხსნა თავი.

- რის გაკეთებას აპირებთ?

ბალანსი უნდა ვიპოვო! სიცილი უნდა დავიბრუნო! შემდეგ ისევ დავბრუნდები, ოღონდ "მასთან" ჩემი პირობები მექნება.

მეგობრებო,

თუ დამინახოთ დიდი მინდორი ისევ მერევა, აუცილებლად გამომაფხიზლეთ!
dle

აიღე სესხი სახლიდან გაუსვლელად 10 წუთში, 1 თეთრის გადარიცხვის გარეშე...
Загрузка...
loading...
28-12-2016, 11:34
-
---
კომენტარები


რეკლამა
Загрузка...
უცნაური ამბები